ევროზონაში საცხოვრებელი უძრავი ქონება ერთ წელიწადში 5.1%-ით გაძვირდა, ხოლო ევროკავშირის ქვეყნებში 5.5%-ით.
2025 წლის მეოთხე კვარტლის ფასების ინდექსის მონაცემები ევროკავშირის სტატისტიკის სამსახურმა – Eurostat-მა გამოაქვეყნა.
ანგარიშში საუბარია, რომ 2025 წლის მეოთხე კვარტალში 2024 წლის იმავე პერიოდთან შედარებით, საცხოვრებელ უძრავ ქონებაზე ევროზონაში ფასები 5.1%-ით არის გაზრდილი, ხოლო ევროკავშირში – 5.5%-ით.
კვარტალურ ჭრილში – 2025 წლის მეოთხე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, სახლების ფასები ევროზონაში 0.6%-ით, ხოლო მთლიან ევროკავშირში 0.8%-ით გაიზარდა.
ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან, წლიურად ფასების ყველაზე მაღალი ზრდა შემდეგმა ხუთმა ქვეყანამ აჩვენა: უნგრეთი +21.2%, პორტუგალია +18.9%, ხორვატია +16.1%, ესპანეთი +12.9% და სლოვაკეთი +12.8%. მხოლოდ ერთ ქვეყანაში – ფინეთში იკლო ფასმა – 3.1%-ით.

ევრონიუსთან საუბარში ექსპერტები განმარტავენ, რომ უნგრეთში ფასების მკვეთრი ზრდა ნაწილობრივ სახელმწიფოს მიერ ბოლო წლებში განხორციელებული სუბსიდირების პროგრამებით არის განპირობებული. ამან მოთხოვნა მნიშვნელოვნად გაზარდა, რასაც დაერთო ინვესტორების მაღალი აქტივობაც.
რაც შეეხება ევროპის ზღვისპირა ქვეყნებს პორტუგალიას, ხორვატიასა და ესპანეთს აქ საცხოვრებელი უძრავი ქონების მკვეთრად გაძვირებას ექსპერტები ძირითადად უცხოელების მხრიდან მაღალ მოთხოვნას უკავშირებენ.
მათი შეფასებით, ამ ბაზრებზე აქტიურად მოქმედებენ უცხოელი მყიდველები, მეორე საცხოვრებლის შეძენის მსურველები და ე.წ. Lifestyle მიგრანტები, ადამიანები, რომლებიც სხვა ქვეყანაში მხოლოდ სამუშაოს საძებნად კი არა, ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით გადადიან.
მაღალი საერთაშორისო მოთხოვნა ფასებზე დამატებით ზეწოლას ახდენს, განსაკუთრებით ტურისტულად მიმზიდველ ზონებსა და სანაპირო დასახლებებში.
პორტუგალიაში საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ზრდის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია ბინების დეფიციტი, განსაკუთრებით ლისაბონში, პორტოში და მიმდებარე ტერიტორიებზე. ამასთან, მოთხოვნის ზრდაზე სერიოზულად იმოქმედა ახალგაზრდებისთვის პირველი საცხოვრებლის შესყიდვის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამამაც.
საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების მაღალი ზრდა დაფიქსირდა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებშიც: სლოვაკეთში (+12.8%), ბულგარეთში (+12.6%), ლატვიაში (+11%), ლიტვაში (+10.8%) და ჩეხეთში (+10.4%).
როგორც „ევრონიუსის“ სტატიაშია განმარტებული, ბოლო 12-18 თვის განმავლობაში სწორედ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპა გამოირჩევა ფასების მატებით, რაც დიდწილად ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპებთან არის დაკავშირებული. ამ ბაზრებს დამატებით აძლიერებს ინფრასტრუქტურული ინვესტიციები და კაპიტალის შედინება.
რაც შეეხება უმსხვილესი ეკონომიკის მქონე ქვეყნებს, საცხოვრებელ უძრავ ქონებაზე იტალიაში ფასები 4.1%-ით გაიზარდა, გერმანიამ 3%-იანი ზრდა აჩვენა. საფრანგეთი ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე დაბალი მატების მქონე ქვეყნებს შორის აღმოჩნდა – აქ ფასები მხოლოდ 1%-ით გაიზარდა.
ექსპერტების შეფასებით, საფრანგეთის უძრავი ქონების ბაზარი ჯერ კიდევ აღდგენის ეტაპზეა. 2023–2024 წლებში იპოთეკური განაკვეთების ზრდამ და ინფლაციამ მოთხოვნა მნიშვნელოვნად შეამცირა.
საერთო ჯამში, ევროპელი ექსპერტები აცხადებენ, რომ საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარი ევროპაში სტაბილური, თუმცა არათანაბარი ზრდის ეტაპზეა.
ევროკომისიის შეფასებით, ფასებზე მუდმივ ზეწოლას იწვევს: ახალი მშენებლობების არასაკმარისი რაოდენობა, მშენებლობის ხარჯები, სამუშაო ძალის სიმცირე, მიწის სიძვირე და ხანგრძლივი ადმინისტრაციული პროცედურები.
ეს ნიშნავს, რომ მაშინაც კი, თუ ფინანსური პირობები გაუმჯობესდება, უძრავი ქონების ბაზარზე ფასები ავტომატურად არ შემცირდება.
გასათვალისწინებელია, რომ 2025 წლის მონაცემები ირანის კონფლიქტის გავლენებს უძრავი ქონების ბაზარზე ჯერ კიდევ არ ასახავს. თუმცა მსგავსი კრიზისები, როგორც წესი, კაპიტალის დინებას შედარებით სტაბილური ბაზრებისკენ აძლიერებს.
წყარო: Eurostat
ავტორი: ლიკა კასრაძე
თუ გსურთ საქართველოში უძრავ ქონებაში ინვესტირება, „კედარო ჯგუფი“ მზად არის გაგიწიოთ კონსულტაცია:
– მოგვწერეთ: Email – Kedarogroup@gmail.com
– დაგვირეკეთ: +995 593618181
– ან გვესტუმრეთ: გ.ათონელის ქუჩა 18/22, 0105, თბილისი, საქართველო.




