2025 წელს საქართველოს სასტუმროები და სასტუმროს ტიპის დაწესებულებები 6.2 მილიონ სტუმარს მოემსახურა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 6.5%-ით მეტია.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა სასტუმროებისა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებების საქმიანობის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც 2025 წლის მონაცემებს აჯამებს.
საქსტატის თანახმად, სტუმრების 62.7% უცხოელი იყო. მათ შორის ყველაზე დიდი ჯგუფი ისრაელის მოქალაქეები იყვნენ – 555 400 სტუმარი, რაც უცხოელი სტუმრების საერთო რაოდენობის 14.3%-ს შეადგენდა, 2024 წლის მაჩვენებელზე 1%-ით მეტი.
ევროკავშირის მოქალაქეებზე კი უცხოელი სტუმრების 10.4% მოდიოდა.

2025 წელს საზღვარგარეთის ქვეყნებიდან საქართველოს სასტუმროებს უმეტესად დასვენებისა და რეკრეაციის მიზნით სტუმრობდნენ – 92%, საქმიანი და პროფესიული მიზნით – 4.5%, მკურნალობის მიზნით – 0.7%, სხვა მიზნით – 2.8%. დასვენებისა და რეკრეაციის მიზნით სასტუმროებში განთავსებულ უცხოელ სტუმრებს შორის ყველაზე დიდი წილი ისრაელისა (14.7% ) და რუსეთის (12.9%) მოქალაქეებზე მოდიოდა.
2025 წელს საქართველოში 2 783 სასტუმრო და სასტუმროს ტიპის დაწესებულება ფუნქციონირებდა, რაც 2024 წელთან შედარებით 4.5%-ით მეტია.
2025 წელს საქართველოში სასტუმროებისა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებების ყველაზე დიდი წილი აჭარასა (21.3%) და თბილისზე მოდის (20.9%).

2025 წელს საქართველოში მოქმედ სასტუმროებსა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებებში 120 200 ადგილი იყო, რაც წინა წელთან შედარებით 6%-ით მეტია. ამავე პერიოდში ნომრების რაოდენობა 6.1%-ით გაიზარდა და 54 300 შეადგინა.


2025 წელს საქართველოს სასტუმროებსა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებებში 29 101 ადამიანი მუშაობდა. დასაქმებულთა 54.5% ქალი იყო.
საქსტატის თანახმად, 2025 წელს საქართველოში მოქმედი სასტუმროებისა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებების საერთო ფართობმა დაახლოებით 3 964 600 მ² შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 9.8%-ით მეტია. აქედან, უშუალოდ, სასტუმროს ნომრების საცხოვრებელ ფართობზე დაახლოებით 1 761 000 მ² მოდიოდა – 8.9%-ით მეტი, ვიდრე 2024 წელს.
2025 წელს საქართველოში მოქმედი სასტუმროებისა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებების 65.5% ინდივიდუალური მეწარმის ფორმით ფუნქციონირებდა, 33.3% – შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება იყო, 0.5% სააქციო საზოგადოება, ხოლო 0.6% სხვა ორგანიზაციულ-სამართლებრივ ფორმებს მიეკუთვნებოდა.
სასტუმროებისა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებების 99.8% კერძო საკუთრებაში იყო, ხოლო 0.2% სახელმწიფო საკუთრებაში.
წყარო: საქსტატი
მთავარი ფოტო გენერირებულია ხელოვნური ინტელექტის მიერ
ავტორი: ლიკა კასრაძე
თუ გსურთ საქართველოში უძრავ ქონებაში ინვესტირება, „კედარო ჯგუფი“ მზად არის გაგიწიოთ კონსულტაცია:
მოგვწერეთ: Email – Kedarogroup@gmail.com
დაგვირეკეთ: +995 593618181
ან გვესტუმრეთ: გ.ათონელის ქუჩა 18/22, 0105, თბილისი, საქართველო



