თბილისში 𝗧𝗿𝘂𝗺𝗽 𝗧𝗼𝘄𝗲𝗿-ის ოფიციალური საერთაშორისო წარდგენის საზეიმო ღონისძიება გაიმართა.
პროექტ Downtown Tbilisi-ის ჯამური საინვესტიციო მოცულობა დაახლოებით $2 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. ის ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე, თბილისის ცენტრალური პარკის მიმდებარედ განხორციელდება და სხვადასხვა სიმაღლის 6 თაუერს გააერთიანებს. კომპლექსის მთავარი არქიტექტურული აქცენტი 280 მეტრის სიმაღლის, 62-სართულიანი Trump Tower Tbilisi იქნება.
Downtown Tbilisi-ის საერთო ფართობი დაახლოებით 600 ათასი კვადრატული მეტრი იქნება. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია საცხოვრებელი, სასტუმრო, საოფისე და კომერციული სივრცეების მოწყობა, მათ შორის ლუქს-კლასის სასტუმროები, ბიზნესცენტრი და პრემიუმ სავაჭრო სივრცეები.
Trump Tower Tbilisi რეგიონში Trump-ის ბრენდის ქვეშ პირველი პროექტია. მასზე მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი არქიტექტურული კომპანია Gensler მუშაობს.

საზეიმო ღონისძიებას დისტანციურად შეუერთდა The Trump Organization-ის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი ერიკ ტრამპი. ასევე სიტყვით გამოვიდნენ The Trump Organization-ის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი ლორენს ჯეი გლიკი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი და პროექტში ჩართული ქართული და საერთაშორისო კომპანიების წარმომადგენლები.
„ტრამპის ორგანიზაციის“ აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი ერიკ ტრამპი:

„ეს ყველაფერი დაიწყო მარ-ა-ლაგოში, ფლორიდაში, როცა ჩვენ ვსაუბრობდით საქართველოზე, როგორც წარმოუდგენლად კარგ ქვეყანაზე. ქართველ ხალხს უყვარს ამერიკა და ამერიკას უყვარს ქართველი ხალხი. ნამდვილად გვინდა, რომ გამორჩეული შენობები გვქონდეს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. ამას მხარს უჭერს მამაჩემი.
ჩვენ გვინდა, რომ ხელახლა განვსაზღვროთ ქალაქის ჰორიზონტი და გვინდა, რომ ახლებური იერი და სახე შეიძინოს ქალაქმა. მინდა, რომ მხარი დავუჭირო პროექტს, დეველოპმენტზე მომუშავე მთელი გუნდი, რომლებიც ამერიკაში მუშაობენ, ისინიც ასევე მზად არიან, რომ მთელი გული და სული ჩადონ ამ პროექტში, რომ ეს მართლაც გახდეს საუკეთესო შენობა საქართველოში და არა მარტო საქართველოში, არა მარტო თბილისში. მინდა, რომ ისეთი რაღაც გავაკეთოთ, რითაც ნამდვილად ვიამაყებთ.
უპირველეს ყოვლისა, ეს მოიტანს იმას, რომ მთელი მსოფლიოს თვალი მოპყრობილი იქნება საქართველოსკენ. დილითვე ბევრი ინტერვიუ მივეცი არა მარტო ევროპის მასშტაბით, ისრაელში, ახლო აღმოსავლეთში, ამერიკაში, ვისაუბრე საქართველოზე, თბილისზე. როდესაც შემოვალთ თბილისში, უფრო შესამჩნევი გახდება თბილისი. მოხდება დეველოპმენტის ახალი სტანდარტის განსაზღვრა და ბევრი ადამიანი დაინტერესდება თბილისით.
მნიშვნელოვანია, რომ ტრამპ თაუერი ნიუ-იორკში ყველაზე წარმატებული შენობაა. გვიხარია, რომ მსგავსი ინიციატივა საქართველოშიც იქნება. ძალიან მიხარია, რომ ნიუ-იორკის ცენტრალური პარკის გარდა, თბილისშიც ცენტრალურ პარკთან იქნება ტრამპ თაუერი და ეს იქნება გაგრძელება იმისა, რაც მამაჩემმა ბევრი წლის წინ დაიწყო და განახორციელა. ორი მილიარდი აშშ დოლარი იქნება ინვესტირებული. ეს არის down town პროექტი, რომელიც სამუდამოდ შეცვლის ქალაქის იერსახეს.
ძალიან მალე ჩამოვალ თბილისში, როდესაც საძირკველს ჩავყრით და შემდეგაც კიდევ ბევრჯერ ჩამოვალ. ახალ პროექტს როცა ვაკეთებთ და ახალ შენობას ვიწყებთ, ყველა შენობის პროექტი ვიცი დასაბამიდანვე, დასაწყისიდანვე. ნამდვილად ძალიან ვზრუნავ თვითონ პროექტზე, ყველა დეტალზე. ჩვენ არაფერი არ გვიყვარს იმაზე მეტად, ვიდრე ეს არის უძრავი ქონების განვითარება. მთელი გულით და სულით ჩავერთვები ამ საქმიანობაში.
სხვათა შორის, ბევრი ქართველი ცხოვრობს ამერიკაშიც და ყველაზე თბილი ადამიანები არიან, მართლაც შესანიშნავია, რომ ასეთი სიყვარული არსებობს ამ ორ ქვეყანას შორის. განსაკუთრებულ ასპექტს სძენს ეს ყველაფერი ამ ურთიერთობას. იმდენჯერ ჩამოვალ, რომ მოგაბეზრებთ კიდეც თავს.
ეკონომიკური შედეგები ყველაფერზე თავისთავად მეტყველებს. ქვეყანა, რომელშიც 10% არის მშპ-ს ზრდა, ეს ნიშნავს, რომ რაღაც სასწაულად მნიშვნელოვან და დიდ რამეს აკეთებთ. გისურვებთ წარმატებას, გილოცავთ და ვულოცავ ამ შესანიშნავ გუნდს“.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე:

„დღევანდელი დღე, თამამად შეიძლება ითქვას, არის ისტორიული ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი დედაქალაქის განვითარებისთვის. პროექტი Downtown Tbilisi და მის მთავარ სიმბოლოდ ჩაფიქრებული Trump Tower Tbilisi სცდება მხოლოდ ურბანული მშენებლობის ჩარჩოებს. ეს არის 2 მილიარდი დოლარის ინვესტიცია, 600 ათასი კვადრატული მეტრი თანამედროვე სივრცე დედაქალაქის ცენტრში ქვეყნისთვის ახალ რეალობას, გამორჩეულ ეკონომიკურ და ტურისტულ მიზიდულობას შექმნის.
ეს არის 280 მეტრის სიმაღლის 62-სართულიანი თაუერი, რაც გახლავთ თამამი განაცხადი, რომელიც თბილისს შესძენს ახალ მიზიდულობას მსოფლიოს წამყვანი ურბანული ცენტრების გვერდით.
ეს მასშტაბური თანამშრომლობა არის აბსოლუტურად ბუნებრივი და კანონზომიერი: საქართველო არის ბუნებრივი დამაკავშირებელი ხიდი ევროპასა და აზიას შორის მრავალი თვალსაზრისით.
ეს პროექტი ნიშნავს ათასობით სამუშაო ადგილს ჩვენს ქვეყანაში, მრავალწლიან დაკვეთებს ქართული სამშენებლო სექტორისთვის და ამდენად, უდიდეს სტიმულს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის.
საქართველოს მთავრობა მომავალშიც მტკიცედ დაუჭერს მხარს ასეთ პროექტებს, თითოეულ ინვესტორს მსგავსი მასშტაბური და გრძელვადიანი პროექტების განხორციელებაში.
2031 წელს, როდესაც ტრამპ თაუერი აშენდება და 2033 წელს, როდესაც მთლიანი უბანი დასრულდება, თბილისი მიიღებს სრულიად გამორჩეულ სივრცეს, რომელიც ჰარმონიულად შეერწყმება განახლებულ ცენტრალურ პარკს.
ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ეს პროექტი გახდება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური სიძლიერის, მშვიდობისა და პროგრესის კიდევ ერთი თვალსაჩინო სიმბოლო, საქართველოს, როგორც სანდო, საიმედო და სტაბილური სახელმწიფოს სავიზიტო ბარათი“.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი:
„თბილისში იწყება მასშტაბური პროექტი, რომელიც საინვესტიციო მოცულობით, კონცეფციითა და მასში ჩართული საერთაშორისო პარტნიორების შემადგენლობით მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებს საქართველოს ეკონომიკურ და საინვესტიციო რუკაზე. დარწმუნებული ვარ, ქართულ და ამერიკულ კაპიტალზე დაფუძნებული ეს უმსხვილესი საერთაშორისო პროექტი თბილისის ახალ სავიზიტო ბარათად იქცევა და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს მთელი ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობისა და საერთაშორისო ცნობადობის შემდგომ ზრდაში“.
პროექტის შესახებ ინფორმაცია პირველად მიმდინარე წლის აპრილში გახდა ცნობილი.
პროექტის მთავარი პარტნიორები და დეველოპერები Archi Group და Invia არიან, თანადეველოპერის როლს The Sapir Organization ასრულებს, ხოლო ინვესტორებს შორის Block Stone Capital, Finvest და Vector Group სახელდებიან.
ასევე წაიკითხეთ: Trump Tower Tbilisi – გლობალური ბრენდი 14 წლის შემდეგ საქართველოში ბრუნდება
ავტორი: ლიკა კასრაძე
თუ გსურთ საქართველოში უძრავ ქონებაში ინვესტირება, „კედარო ჯგუფი“ მზად არის გაგიწიოთ კონსულტაცია:
მოგვწერეთ: Email – Kedarogroup@gmail.com
დაგვირეკეთ: +995 593618181
ან გვესტუმრეთ: გ.ათონელის ქუჩა 18/22, 0105, თბილისი, საქართველო



