ორშაბათი, სექტემბერი 07, 2026
Patern 1

ინვესტიციები / ბაზრის ანალიზი

Patern 1
  • მთავარი ///
  • მსოფლიო ///
  • ტოკენიზაცია – როგორია უძრავ ქონებაში ინვესტირების განსხვავებული ფორმა

ტოკენიზაცია – როგორია უძრავ ქონებაში ინვესტირების განსხვავებული ფორმა

უძრავი ქონების ტოკენიზაცია ინვესტიციის შედარებით ახალი და ინოვაციური ფორმაა, რომელიც ბლოკჩეინის გამოყენებით ქმნის ციფრული ტოკენებს, რომლებიც წილად საკუთრებას წარმოადგენს
Share:

ინოვაციური ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, ერთ დროს წარმოუდგენელი სცენარები დღეს რეალურ სახეს იღებს. ერთ-ერთი ასეთი სცენარია ტოკენიზაცია, ანუ უძრავი ქონების ციფრული კონვერტაცია და ბლოკჩეინის სისტემაში განთავსება, სადაც მას მეწილეები ჰყავს.

ადამიანურ ენაზე რომ გავამარტივოთ, დაახლოებით ასეთი სცენარი წარმოიდგინეთ: გაქვთ ბინა, რომელიც „დაიშლება“ ბევრ პატარა ციფრულ ნაწილად. ამ ნაწილებს ეწოდება ტოკენები, რომლის შეძენაც შესაძლებელია. თუ ტრადიციული გზით თბილისის ცენტრალურ უბანში კომერციული შენობის შეძენა დიდ თანხებს მოითხოვს, ტოკენიზაციის მეშვეობით შესაძლებელია იმავე ბინის მცირე პროცენტის ფლობა. ეს კონცეფცია განსაკუთრებით იმ ადამიანებს ეხმარება, ვისაც საკმარისი კაპიტალი არ აქვს სრული უძრავი ქონების შესაძენად.

ამგვარად, უძრავი ქონების ტოკენიზაცია ინვესტიციის შედარებით განსხვავებული და ინოვაციური ფორმაა. ის ბლოკჩეინის სისტემაში ქმნის ციფრული ტოკენებს, რომლებიც წილად საკუთრებას წარმოადგენს. ეს ყველაფერი თუ ჯერ კიდევ შორეული პერსპექტივა გგონიათ, ცდებით. რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ტოკენიზაციის პროცესის დანერგვა იგეგმება და მთავრობამ შესაბამის კომპანიასთან თანამშრომლობა დაიწყო.

ცხადია, ვინც ამ საკითხში ჯერ კარგად ვერ ერკვევა, ტოკენიზაცია და ქონების ციფრული დაყოფა გაურკვეველია, თუმცა ტერმინებმა არ დაგაბნიოთ. ამ სტატიაში ნაბიჯ-ნაბიჯ, მარტივი ენით და ადვილად გასაგები მაგალითებით გაეცნობით:  რა არის უძრავი ქონების ტოკენიზაცია, შევაფასებთ ამ ინოვაციის სარგებელს/რისკებს და იქნებ, ბოლოს, უძრავ ქონებაში ინვესტირების ამ ახლებური ფორმითაც კი დაინტერესდეთ.

რა არის უძრავი ქონების ტოკენიზაცია?

ჯერ გავარკვიოთ, რა არის ტოკენიზაცია. ტოკენიზაცია, ფართო გაგებით, რეალური აქტივების „გაყოფასა“ და ბლოკჩეინზე მათი ციფრულ ერთეულებად წარმოდგენას ნიშნავს. უფრო კონკრეტულად, რეალური სამყაროს აქტივების ციფრულ ტოკენებად კონვერტაცია ხდება. უძრავი ქონების შემთხვევაში ტოკენიზაცია ნიშნავს, რომ რეალური ბინა ან მიწა იყოფა ციფრულ ნაწილებად, რათა მასში ბევრმა ადამიანმა შეძლოს ინვესტირება.

მარტივი მაგალითი: ვთქვათ: ბინის ღირებულებაა $ 100 000 დოლარი. ბინა იყოფა 1 000 ტოკენად. ერთი ტოკენი ღირს 100 დოლარი. ადამიანს შეუძლია იყიდოს არა მთელი ბინა, არამედ მაგალითად 10 ტოკენი = 1 000 დოლარის ღირებულების წილი. ეს ნიშნავს, რომ მას ეკუთვნის ბინის 1%. თუ ბინა გაქირავდა, ქირიდან მიღებული თანხა ნაწილდება ტოკენების რაოდენობის მიხედვით. თუ ბინის ფასი გაიზარდა, ტოკენის ღირებულებაც იზრდება. ანუ ბინაში ინვესტირება ხდება ისე, როგორც აქციებში, მაგრამ ეს არის ნამდვილი უძრავი ქონება.

სად და როგორ მიმდინარეობს პროცესი?

ტოკენიზაციის პროცესი ბლოკჩეინ ტექნოლოგიაზე მიმდინარეობს. ყველა ტრანზაქცია და საკუთრების უფლების ­ჩანაწერი ინახება განაწილებულ, დეცენტრალიზებულ აღრიცხვის ქსელში. ეს მონაცემები უცვლელად და გამჭვირვალედ ფიქსირდება, რაც გამორიცხავს ყალბ ჩანაწერებსა და თაღლითურ მანიპულაციებს. მაგალითად, როდესაც თქვენ ფლობთ ტოკენს, რომელიც ასახავს რომელიმე სასაწყობე ფართის 0.5%-ს, ეს საკუთრება ბლოკჩეინზეა აღრიცხული და თქვენი თანხმობის გარეშე ვერავინ შეცვლის მას.

სახელმწიფო რეესტრი (ბლოკჩეინზე) ამბობს: „ბინა №10 ეკუთვნის კომპანიას X“. ტოკენიზაციის პლატფორმა ამბობს: „კომპანია X-ის ბინა დაყოფილია 1 000 ტოკენად“. ინვესტორები (მათ შორის უცხოელებიც): ყიდულობენ ტოკენებს იღებენ შემოსავალს ან მოგებას, მაგრამ რეესტრში მაინც წერია კომპანია X, და არა 1 000 ადამიანი. სახელმწიფო ვერ გააფორმებს რეგისტრაციას ათას ინვესტორზე, სამართლებრივად ეს არ იმუშავებდა. ტოკენიზაცია ამ პრობლემას აგვარებს ეკონომიკური დონეზე, არა იურიდიულზე. სახელმწიფო ბლოკჩეინი იცავს საკუთრებას და არის ინვესტირების კანონიერი საფუძველი, ტოკენიზაცია იზიდავს ინვესტიციას და ანაწილებს ეკონომიკურ სარგებელს.

სახელმწიფოს არ შეუძლია ქონების ტოკენიზაცია მესაკუთრის თანხმობის გარეშე. ტოკენიზაციისთვის სახელმწიფოს შეუძლია – შექმნას ინფრასტრუქტურა, სამართლებრივი ჩარჩო, ტექნიკური პლატფორმა, წესები და უსაფრთხოების სტანდარტები, დაარეგულიროს პროცესი, ვინ შეიძლება ტოკენიზაცია გააკეთოს, როგორ უნდა იყოს დაცული ინვესტორი, როგორ უკავშირდება ეს რეესტრს. ასევე გამოიყენოს ტოკენიზაცია სახელმწიფო ქონებაზე. მაგალითად: სახელმწიფო მიწა, სახელმწიფო შენობები, სახელმწიფო პროექტები.

საიდან დაიწყო ტოკენიზაცია

უძრავი ქონების ტოკენიზაციის იდეა პირდაპირ კავშირშია კრიპტოვალუტებისა და ბლოკჩეინის აღმავლობასთან. პირველად ტერმინი აქტიურად განიხილებოდა 2010-იან წლებში, როცა Ethereum-ის მსგავსი პლატფორმები გამოჩნდა და შესაძლებლობა შეიქმნა, შექმნილიყო “სმარტ კონტრაქტებზე” დაფუძნებული ახალი ტოკენები. თუმცა, რეალური აქტივების (როგორიცაა უძრავი ქონება) ტოკენიზაციის მიმართულებით ერთ-ერთ პირველი მაგალითად ხშირად ასახელებენ 2018 წელს აშშ-ში განხორციელებულ პროექტს: კოლორადოში მდებარე ცნობილი სასტუმრო St. Regis Aspen Resort-ის მფლობელებმა გადაწყვიტეს, საკუთრება ნაწილებად “დაეშალათ” და გაეყიდათ ციფრული ტოკენების სახით. პროექტის განმახორციელებლების განცხადებით, მათ სურდათ შეექმნათ პრეცედენტი, თუ როგორ შეიძლება გამოიყურებოდეს უძრავი ქონების ტოკენიზაციის მოდელი. Aspen-ის სასტუმროს მაგალითმა აჩვენა, რომ უკვე 5 წლის წინ შესაძლებელი გახდა ღირებული უძრავი ქონების ციფრულ აქტივად გარდაქმნა და მისი წილების გაყიდვა ინვესტორებზე ბლოკჩეინის მეშვეობით.

2017 წლიდან არაერთი პროექტი განხორციელდა – არამხოლოდ სასტუმროები, არამედ საცხოვრებელი კორპუსები, კომერციული ფართები და სხვა ობიექტები შეიყვანეს ბლოკჩეინზე.  დღეს უძრავი ქონების ტოკენიზაცია გლობალურ ტრენდად ყალიბდება და სხვადასხვა ქვეყანაში ინერგება.

ტოკენიზაცია საქართველოში

რამდენიმე დღის წინ კომპანია PRYPCO-სა და საქართველოს მთავრობას შორის უძრავი ქონების სექტორში ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვის მიმართულებით თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, პროექტი მიზნად ისახავს უძრავი ქონების სექტორში ინვესტიციების წახალისებას და საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, კერძო საკუთრების უფლებასთან დაკავშირებულ საკითხებზე უსაფრთხო და გამჭვირვალე ტოკენიზაციის პროცესის დანერგვას. მემორანდუმის ფარგლებში მხარეები ითანამშრომლებენ სამართლებრივ და ტექნოლოგიურ საკითხებში, შეისწავლიან საქართველოში უძრავი ქონების ტოკენიზაციის განვითარების შესაძლებლობებს და საჯარო სერვისების სისტემებთან მის თავსებადობას.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში უძრავი ქონების რეგისტრაციის პროცესში ბლოკჩეინ სისტემა 2017 წლიდან ჩართეს და მსოფლიოში ერთ-ერთი პიონერი ქვეყანა გახდა ამ მიმართულებით. 2025 წლის დეკემბერში საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ მემორანდუმი გააფორმა, რომელიც ბლოკჩეინ ეკოსისტემის ერთ-ერთ წამყვან პლატფორმა Hedera-სთან თანამშრომლობით საჯარო სექტორში უახლესი ციფრული ტექნოლოგიების დანერგვას ითვალისწინებს.

ასე, რომ საქართველოსთვის უძრავი ქონების ტოკენიზაცია შესაძლოა ახალ ეტაპად იქცეს ინვესტიციების მოსაზიდად. მაგალითად, თუ რეესტრის ჩანაწერები ბლოკჩეინზე გადავა და კანონმდებლობაშიც შესაბამისი ცვლილებები აისახება, არ არის გამორიცხული, მომავალში ქართულმა დეველოპერებმა ჩაუშვან პროექტები, სადაც თბილისის ახალ კორპუსებში ბინები ტრადიციულ გაყიდვასთან ერთად ტოკენიზებული სახითაც იქნება შეთავაზებული ინვესტორებისთვის, მათ შორის საზღვარგარეთ მცხოვრები მოქალაქეებისთვის.

მაგალითად, „თეთრი კვადრატის“ წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ უძრავი ქონების გაციფრულება საკმაოდ მნიშვნელოვანი საკითხია. კომპანიის მმართველი პარტნიორი ირაკლი ბურდილაძე აღნიშნავს, რომ ტოკენიზაცია დიდ სარგებელს მოუტანს არა მხოლოდ დეველოპერებს, არამედ ინვესტორებსა და მყიდველებსაც. მისი განმარტებით, ტოკენიზაციის დახმარებით, დეველოპერები შეძლებენ ფინანსური ნაკადების ოპტიმიზაციას.

რით არის ტოკენიზაცია კარგი

ტოკენიზაცია: 1. ამცირებს ინვესტირების ბარიერს  –  თუ დღეს ბინის ან მიწის ინვესტიცია მოითხოვს დიდ თანხას, ტოკენიზაციით ადამიანი აღარ ყიდულობს მთელ ქონებას, ყიდულობს მის ნაწილს (ტოკენს). შედეგად ინვესტიცია ხდება ხელმისაწვდომი უფრო მეტი ადამიანისთვის, ჩნდება მეტი ინვესტორი, მეტი კაპიტალი ბაზარზე 2. ზრდის ლიკვიდურობას – თუ ტრადიციულად უძრავი ქონება ნელა იყიდება, ტოკენი შეიძლება გაიყიდოს სწრაფად, ინვესტორს აღარ სჭირდება მთლიანი ობიექტის გაყიდვა, ინვესტორი უფრო თამამად დებს ფულს, როცა იცის, რომ უკან დახევის გზა არსებობს. 3. ზრდის ნდობასა და გამჭვირვალობას – ტოკენიზაცია, განსაკუთრებით სახელმწიფოს ჩართულობით, ქმნის ციფრულ პლატფორმას, ამცირებს რისკს, ამარტივებს შემოწმებას 4. ხსნის ბაზარს უცხოელებისთვის – უცხოელ ინვესტორს ხშირად აშინებს, ადგილობრივი ბიუროკრატია, სამართლებრივი გაურკვევლობა და კონტროლის დაკარგვის შიში. ტოკენიზაცია კი ამარტივებს მონაწილეობას და ქმნის ნაცნობ, „ფინანსურ ენაზე“ მოსაუბრე ინსტრუმენტს.

რისკები და უარყოფითი მხარეები

მიუხედავად ტოკენიზაციის მიმართ მზარდი ინტერესისა, არსებობენ სერიოზული რისკები და გამოწვევები, რომლებიც უნდა გაითვალისწინოს როგორც ინვესტორმა, ისე რეგულატორმა:

1. იურიდიული გაურკვევლობა – (ყველაზე დიდი რისკი), ტოკენიზაცია ბევრ ქვეყანაში კანონით ბოლომდე დარეგულირებული არ არის. გაურკვეველია, რა სამართლებრივი ძალა აქვს ტოკენს დავის შემთხვევაში, ინვესტორი შეიძლება აღმოჩნდეს „ციფრული უფლებით“, რომელსაც რეალურ ცხოვრებაში ვერ დაიცავს.

2️. ტოკენი არ ნიშნავს რეალურ მესაკუთრეობას. ის ნიშნავს ეკონომიკურ წილს, შემოსავლის უფლებას, კონტრაქტით მინიჭებულ ინტერესს. რეესტრში მაინც ერთი მესაკუთრეა. თუ ეს თავიდან მკაფიოდ არ არის განმარტებული, ჩნდება კონფლიქტი.

3️.ლიკვიდურობის ილუზია – თეორიულად ტოკენი „ადვილად იყიდება“, მაგრამ პრაქტიკაში თუ არ არის აქტიური ბაზარი, თუ არ არიან მყიდველები, თუ ნდობა დაიკარგა ტოკენი შეიძლება ვერ გაყიდო საერთოდ.

4️. ტექნოლოგიური რისკები – ტოკენიზაცია მთლიანად ტექნოლოგიაზეა დამოკიდებული. რისკები: პლატფორმის გაკოტრება, ჰაკერული შეტევა, ტექნიკური შეცდომა, მონაცემების დაკარგვა, თუ სისტემა „ჩამოიშალა“, ინვესტორს შეიძლება დროებით ან სამუდამოდ დაეკარგოს წვდომა.

5️. შუამავლების ახალი ფორმა – ტოკენიზაცია ხშირად გვპირდება „შუამავლების მოცილებას“, მაგრამ რეალურად: ჩნდება ახალი შუამავლები, როგორებიცაა პლატფორმის მფლობელი, ტექნოლოგიური ოპერატორი.  ­

6️. ფასების მერყეობა და სპეკულაცია – ტოკენები შეიძლება გადაიქცეს სწრაფი ვაჭრობის ობიექტად, სპეკულაციურ აქტივად, „ჰაიპზე“ დამოკიდებულ პროდუქტად. ტოკენის ფასი იცვლება არა ქონების ღირებულებით, არამედ ემოციებით.

8️. რისკი სახელმწიფოსთვის: თუ ნაჩქარევად დაინერგა, შეიძლება დაზიანდეს მთელი უძრავი ქონების ბაზრის რეპუტაცია.

დასკვნა

უძრავი ქონების ტოკენიზაცია არის თანამედროვე ტექნოლოგიური ტრანსფორმაცია, რომელიც ნელ-ნელა ცვლის უძრავი ქონების სფეროს წესებს როგორც გლობალურად, ისე საქართველოში. ეს იდეა ექსპერიმენტებიდან უკვე გადავიდა პრაქტიკული განხორციელებების ეტაპზე. საქართველოც არ ჩამორჩა ამ ტენდენციას: მთავრობის მხრიდან Hedera-სთან და PRYPCO-სთან მემორანდუმებმა მიანიშნეს, რომ ქვეყანა მზადაა ჩაერთოს ამ გლობალურ ინოვაციაში და გამოიყენოს იგი უძრავი ქონების ბაზრის გასავითარებლად.

თუმცა, მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ ნებისმიერი დიდ ცვლილება გამოწვევებსაც მოიტანს. ტოკენიზაციის წარმატებული დანერგვისთვის აუცილებელია დაბალანსდეს რისკები და სარგებელი. ეს გულისხმობს გონივრულ რეგულაციას, საიმედო სისტემას, საზოგადოების ინფორმირებას თუ რას წარმოადგენს ტოკენიზაცია და როგორ ისარგებლოს მასით უსაფრთხოდ.

და ბოლოს, ტოკენიზაცია შეიძლება ჯერ კიდევ უცნობი თემაა, მაგრამ გავიხსენოთ, როგორ შეცვალა ინტერნეტმა კომუნიკაცია, ხოლო მობილურმა ბანკმა ფინანსები. ანალოგიურად, ბლოკჩეინი და ტოკენიზაცია შესაძლოა უახლოეს წლებში უძრავი ქონების ახალი ნორმა გახდეს. ის ადამიანები და კომპანიები, ვინც ამ ტენდენციას დროულად გაეცნობიან და მოემზადებიან, პოტენციურად მეტ სარგებელს მიიღებენ  – იქნება ეს ინვესტიციის ახალი შესაძლებლობა თუ ბიზნეს-მოდელის გაფართოება.

თუ გსურთ საქართველოში უძრავ ქონებაში ინვესტირება, „კედარო ჯგუფი“ მზად არის გაგიწიოთ კონსულტაცია:

  • მოგვწერეთ: Email – Kedarogroup@gmail.com
  • დაგვირეკეთ: +995 593618181
  • ან გვესტუმრეთ: გ.ათონელის ქუჩა 18/22, 0105, თბილისი, საქართველო
შეაფასეთ სტატია:

მიმდინარე სტატიები

თეგები