ორშაბათი, სექტემბერი 07, 2026
Patern 1

ინვესტიციები / ბაზრის ანალიზი

Patern 1
  • მთავარი ///
  • საქართველო ///
  • თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონება 5 წელიწადში თითქმის 60%-ით გაძვირდა, კვარტალურად +1.5%, წლიურად +3.3%

თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონება 5 წელიწადში თითქმის 60%-ით გაძვირდა, კვარტალურად +1.5%, წლიურად +3.3%

საქართველოში საცხოვრებელ უძრავ ქონებაზე ფასი კვლავ მატულობს. ამას ადასტურებს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ დღეს გამოქვეყნებული ბოლო მონაცემები.
Share:

საქართველოში საცხოვრებელ უძრავ ქონებაზე ფასი კვლავ მატულობს. ამას ადასტურებს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ დღეს გამოქვეყნებული ბოლო მონაცემები.

კვლევა – „საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი საქართველოში 2025 წლის IV კვარტალი“ ამბობს, რომ 2025 წლის მეოთხე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი (RPPI) 1.5 %-ით გაიზარდა, ხოლო ინდექსის წლიურმა ზრდამ 3.3% შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ 2020 წლის საშუალო მაჩვენებელთან შედარებით, ფასების ინდექსი 59.4%-ით არის გაზრდილი, რაც ბოლო წლებში საცხოვრებელ უძრავ ქონებაზე ფასის მნიშვნელოვან ზრდას ადასტურებს.

ბინები და კერძო სახლები

რაც შეეხება ფასების დინამიკას ბინებისა და კერძო სახლების ჭრილში, შემდეგი სურათია: 2025 წლის მეოთხე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, ფასების ზრდა დაფიქსირდა, როგორც საცხოვრებელი ბინების სეგმენტში – 1.3 %, ისე კერძო სახლების სეგმენტში – 2.1%.

2024 წლის მეოთხე კვარტალთან შედარებით ფასების ზრდა დაფიქსირდა ორივე სეგმენტში – ბინებზე 3.5 პროცენტით, ხოლო კერძო სახლებზე 2.5 პროცენტით. 2020 წლის საშუალო მაჩვენებელთან შედარებით, ბინებზე 56.6%-იანი ზრდაა, ხოლო კერძო სახლებზე  – 64.8%.

ეს მონაცემები აჩვენებს, რომ ფასების ზრდა გრძელდება როგორც ბინების, ისე კერძო სახლების სეგმენტში. მოკლევადიან პერიოდში კერძო სახლები უფრო სწრაფად ძვირდება, თუმცა წლიურ ჭრილში ბინები – მეტად. გრძელვადიან პერსპექტივაში კი კერძო სახლებზე ფასების უფრო მაღალი ზრდა ჩანს, რაც მის საინვესტიციო პოტენციალზე მიანიშნებს.

ფასები თბილისის უბნების მიხედვით

საქსტატის მიერ გამოქვეყნებული მონაცემები აჩვენებს, რომ ფასები მნიშვნელოვნად განსხვავდება თბილისის უბნების მიხედვით. 2025 წლის IV კვარტალში ახალაშენებულ (დასრულებულ) ბინებში 1 კვადრატული მეტრის ყველაზე მაღალი მედიანური ფასი მთაწმინდასა და ვაკეშია. ხოლო შედარებით დაბალი ფასები – ნაძალადევში, გლდანსა და სამგორში. უფრო კონკრეტულად, ბინების შემთხვევაში ფასი ლარში 1 კვ.მ-ზე: მთაწმინდა – 6 738, ვაკე – 5 874, ჩუღურეთი –  4 353, საბურთალო – 4 313, კრწანისი – 4 181, დიდუბე – 4 054, ნაძალადევი – 3 978, ისანი – 3 854, გლდანი – 3 731, სამგორი – 3 549.

კერძო სახლების შემთხვევაში ფასი ლარში 1 კვ.მ-ზე: მთაწმინდა – 4 594, ვაკე – 4 311, საბურთალო – 3 504, დიდუბე – 3 369, სამგორი – 3 121, ისანი – 3 110, ჩუღურეთი – 3 088, გლდანი – 2 985, კრწანისი -2 830, ნაძალადევი – 2 660.

აღნიშნული ფასი წარმოადგენს გასაყიდ, ე.წ. შეთავაზების ფასს (offer price). მონაცემები მიიღება ვებ-გვერდებიდან ინფორმაციის ავტომატური ჩამოტვირთვის (web scraping) და ფასების მედიანური მნიშვნელობის გაანგარიშების გზით.

ბინის მდგომარეობა და ფასები

ფასების ანალიზი ასევე აჩვენებს, რომ ბინის მდგომარეობა – შავი, თეთრი ან მწვანე კარკასი, მნიშვნელოვან გავლენას ახდენს კვადრატული მეტრის ღირებულებაზე. ყველაზე მაღალი ფასები ფიქსირდება მწვანე კარკასის ბინებზე, შემდეგ მოდის თეთრი კარკასი, ხოლო ყველაზე ხელმისაწვდომი კვლავ შავი კარკასის სეგმენტია.

2025 წლის მე-4 კვარტლის მდგომარეობით, 1 კვ.მ-ის ფასი ლარში: მწვანე კარკასი 4 318 ლარი, თეთრი კარკასი – 3 577 ლარი, შავი კარკასი  – 3 260 ლარი.

2024 წლის მე-4 კვარტლის მდგომარეობით, 1 კვ.მ-ის ფასი ლარში: მწვანე კარკასი 4 085 ლარი, თეთრი კარკასი – 3 562ლარი, შავი კარკასი  – 3 230 ლარი.

2024–2025 წლებში ფასების ზრდა ყველა კარკასის სეგმენტში დაფიქსირდა, თუმცა ყველაზე მაღალი ზრდა მწვანე კარკასზე მოდის, რაც სრულად ან ნაწილობრივ დასრულებული ბინების მიმართ მზარდ ინტერესზე მიანიშნებს.

საქსტატის მონაცემები ცხადყოფს, რომ თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარი კვლავ აქტიურია. მიუხედავად იმისა, რომ ფასების ზრდის ტემპი შედარებით ზომიერია, გრძელვადიან ჭრილში ბაზარი მაინც გაძვირების ტენდენციას ინარჩუნებს. ეს მონაცემები ყურადსაღებია როგორც ადგილობრივი კლიენტისთვის, ისე ინვესტორებისა და დეველოპერული კომპანიებისთვის.

(ინფორმაციისთვის PPI-ის ინდექსის დაფარვა შემოიფარგლება ქ. თბილისით და მოიცავს მხოლოდ ახალი საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარს, როგორც მრავალსართულიანი სახლების (ბინების), ისე კერძო სახლების სეგმენტებს).

ავტორი: ლიკა კასრაძე

თუ გსურთ საქართველოში უძრავ ქონებაში ინვესტირება, „კედარო ჯგუფი“ მზად არის გაგიწიოთ კონსულტაცია:

  • მოგვწერეთ: Email – Kedarogroup@gmail.com
  • დაგვირეკეთ: +995 593618181
  • ან გვესტუმრეთ: გ.ათონელის ქუჩა 18/22, 0105, თბილისი, საქართველო
შეაფასეთ სტატია:

მიმდინარე სტატიები

თეგები