ორშაბათი, სექტემბერი 07, 2026
Patern 1

ინვესტიციები / ბაზრის ანალიზი

Patern 1
  • მთავარი ///
  • მსოფლიო ///
  • რამდენი კვ/მ მოდის ერთ ადამიანზე – საცხოვრებელი ფართის სტატისტიკა საქართველოსა და მსოფლიოში

რამდენი კვ/მ მოდის ერთ ადამიანზე – საცხოვრებელი ფართის სტატისტიკა საქართველოსა და მსოფლიოში

სტატიაში მიმოხილულია: რამხელა საცხოვრებელი ფართი მოდის ერთ ადამიანზე საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, როგორ განსხვავდება ეს მაჩვენებელი და რამდენად განსაზღვრავს სახლის ზომა ცხოვრების ხარისხს.
Share:

რამხელა ფართი სჭირდება ადამიანს საცხოვრებლად? რა თქმა უნდა, ამ კითხვაზე რამდენი ადამიანიც არის, იმდენი მოსაზრება არსებობს, ყველას თავის საჭიროება და იქიდან გამომდინარე, შესაბამისი შეხედულება აქვს, თუმცა როგორია რეალობა?

ამ კითხვაზე პასუხის დასადგენად არაერთი სტატიის და მონაცემის გაანალიზება გახდა საჭირო, რადგან ერთი ადამიანისთვის საჭირო საცხოვრებელი ფართის შესახებ საყოველთაოდ დანერგილი გლობალური სტანდარტი არ არსებობს.

როდესაც მდგომარეობა საგანგებოა და საქმე ლტოლვილთა განსახლებას ეხება, საბაზისო მინიმუმად გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი (UNHCR) ერთ ადამიანზე 4.5-5.5 კვ.მ-ის ფართის საცხოვრებლის გამოყოფის რეკომენდაციას გასცემს. დიდ ბრიტანეთში ერთ ადამიანზე მინიმალურ საცხოვრებელ ფართად 37 კვ.მ-ია დადგენილი, იაპონიაში – 25 კვ.მ. ევროკავშირი კვადრატული მეტრების ნაცვლად ოთახების რაოდენობით ითვლიან სტატისტიკას.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) თანახმად, საცხოვრებელი ფართი საკმარისი უნდა იყოს სხვადასხვა ასაკის ადამიანების კომფორტულად საცხოვრებლად და მათი პირადი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად საჭირო სივრცეს უნდა უზრუნველყოფდეს.

რეალურად კი, ქვეყნების ეკონომიკური მდგომარეობა, ტერიტორია, ცხოვრების სტილი, კლიმატური პირობები, გეოპოლიტიკური სტაბილურობა მნიშვნელოვნად განსხვავდება, შესაბამისად, ერთ სულ მოსახლეზე საშუალო საცხოვრებელი ფართის ზომაც სხვადასხვაა.

ზოგადად, ზედაპირული მონაცემებით, მაღალი განვითარების ქვეყნებში, როგორებიცაა აშშ, კანადა, ავსტრალია – ერთ სულ მოსახლეზე საშუალო საცხოვრებელი ფართი 50-დან 90 კვ.მ-მდე მერყეობს, მრავალრიცხოვან დასახლებებში, როგორებიცაა დასავლეთ ევროპა, სამხრეთ კორეა, იაპონია – 30-45 კვ. მეტრის ფარგლებშია, ხოლო დაბალი შემოსავლის მქონე ურბანულ ცენტრებში, მაგალითად ინდოეთში, აფრიკის ქვეყნებში 10-15 კვ.მ-ის ფარგლებში მერყეობს.

მონაცემები ქვეყნების მიხედვით

დავიწყოთ საქართველოდან: საქსტატის თანახმად, 2024 წლის მოსახლეობის აღწერის მიხედვით, ერთ ადამიანზე საშუალოდ 35 კვ.მ საერთო საცხოვრებელი ფართი მოდის. ინდივიდუალურ სახლებში ეს მაჩვენებელი 45.6 კვ.მ-ს, ხოლო იზოლირებულ ბინებში 23.1 კვ.მ-ს შეადგენს. თბილისში კი ერთ ადამიანზე საშუალოდ 25.55 კვ.მ საერთო ფართი მოდის (წყარო:  საქსტატი).

ჰონგ-კონგში, ოფიციალური სტატისტიკური მონაცემებით, გაქირავებულ კომუნალურ საცხოვრებელში ერთ ადამიანზე საშუალოდ 14.1 კვ.მ ფართი მოდის (წყარო: China Daily.) 2015 წელს ეს მაჩვენებელი 13.1 კვ.მ იყო. ამასთან, ახალაშენებული საცხოვრებლების საშუალო ფართობი ბოლო ათწლეულებში შემცირდა: 1995 წელს 50.4 კვ.მ იყო, ხოლო 2024 წელს – 37.2 კვ.მ. ბოლო წლებში აშენებული ბინების დაახლოებით 45% 40 კვ.მ-ზე ნაკლებია. მიუხედავად ამისა, კარგ ლოკაციაზე მათი ღირებულება შეიძლება 10 მილიონ ჰონგ-კონგურ დოლარს (1.27 მილიონი აშშ დოლარი) ან მეტს აღწევდეს.

ჩინეთის სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ 2026 წელს გამოქვეყნებული მონაცემებით, 2025 წელს ქალაქად მცხოვრებ მოსახლეობაში ერთ ადამიანზე საცხოვრებელი შენობის ფართი 40 კვ.მ-ს აღემატებოდა. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია მეთოდოლოგიური განსხვავება. ჩინეთში სტატისტიკისთვის ხშირად იყენებენ შენობის საერთო ფართობს და არა შიდა საცხოვრებელ ფართს.

ვიეტნამში ერთ ადამიანზე საშუალოდ 26.6 კვ.მ საცხოვრებელი ფართი მოდის, ბრაზილია და არგენტინა – დაახლოებით 30-35 კვ.მ ერთ ადამიანზე, ინდონეზია 20 კვ.მ., ნიგერია6 მ², კენია8 მ².

ავსტრალიაში შინამეურნეობის საშუალო ზომა მნიშვნელოვნად იკლებს. 1911 წელს საშუალოდ ერთ ოჯახში 4.5 ადამიანი სახლობდა, 2024 წელს კი 2.5 ადამიანამდე შემცირდა. თუმცა კერძო სახლის საშუალო ფართობი გაიზარდა: 1950-იანი წლებში 100 კვ.მ იყო, ხოლო 2020 წელს 236 კვ.მ-მდე. დღეს ავსტრალიაში ერთ ადამიანზე საშუალოდ 84 კვ.მ საცხოვრებელი ფართი მოდის, რაც მსოფლიოში ერთ-ერთი მაღალი მაჩვენებელია.

როგორც უკვე ვთქვით, ევროკავშირში საშუალო საცხოვრებელ ფართის გამოსათვლელად ოთახების რაოდენობით იყენებენ. ევროპის სტატისტიკის სამსახურის – Eurostat-ის მიხედვით (წყარო), ბოლო 2025 წლის მონაცემი 1.7 ოთახია ერთ ადამიანზე. 2025 წლის მონაცემებით, ყველაზე მაღალი მაჩვენებელი მალტას აქვს – ერთ ადამიანზე საშუალოდ 2.2 ოთახი მოდის. მას მოსდევს ბელგია, ლუქსემბურგი და ნიდერლანდები, სადაც მაჩვენებელი 2.1 ოთახია ერთ ადამიანზე. ესპანეთი – 1.9 ოთახი ერთ ადამიანზე, საფრანგეთი – 1.8, გერმანია – 1.7.

ყველაზე დაბალი მაჩვენებლები ძირითადად ცენტრალურ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში ფიქსირდება. რუმინეთში, სერბეთსა და თურქეთში ერთ ადამიანზე საშუალოდ 1.1 ოთახი მოდის, ხოლო პოლონეთსა და სლოვაკეთში – დაახლოებით 1.2 ოთახი.

არის თუ არა სახლის ზომა ბედნიერი ცხოვრების პირდაპირპროპორციული?

კვლევები აჩვენებს, რომ ადამიანთა კმაყოფილების ხარისხს სახლის ზომა ავტომატურად არ განსაზღვრავს, არამედ გასათვალისწინებელია საცხოვრებელი სივრცის ფუნქციურობა და ბევრი სხვა ფაქტორი.

აშშ-ის მოსახლეობის აღწერის სამსახურის (Census Bureau) მონაცემებით, ქვეყანაში ახალ აშენებულ საცხოვრებელ სახლებში დღეს ერთ ადამიანზე საშუალოდ 87 კვ.მ-ზე მეტი ფართი მოდის, მაშინ როცა 1973 წელს ეს მაჩვენებელი დაახლოებით 51 კვ.მ იყო. ამასთან, 1970-იან წლებში ტიპური ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის ფართობი დაახლოებით158 კვ.მ იყო, ამჟამად კი დაახლოებით 223 კვ.მ-ია.

The Washington Post აღნიშნავს, რომ მეტი სივრცე ბედნიერების ხარისხის ავტომატურად ზრდას არ ნიშნავს და ასეთ დიდ სახლებში ახლა უკვე ნაკლებად ცხოვრობენ. აშშ-ის მოსახლეობის აღწერის სამსახურის მონაცემებით, ასეთ სახლებში მცხოვრებთა საშუალო რაოდენობა ისტორიულ მინიმუმამდე შემცირდა და საშუალოდ 2.5 ადამიანია.

„ათწლეულების განმავლობაში ამერიკული ოცნება გარეუბანში მდებარე, დიდ კერძო სახლთან ასოცირდება, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ტიპური ამერიკული სახლების ზომა თითქმის გაორმაგდა, მათში ადამიანების ცხოვრება უფრო ბედნიერი არ გამხდარა“, – წერს მაიკლ ჯეი კორენი Washington Post-ის სტატიაში – „რატომ შეიძლება შედარებით პატარა სახლში უფრო ბედნიერად ცხოვრება“ (წყარო).

The Washington Post-ის სტატიაში განხილული კვლევების მიხედვით, უფრო დიდ საცხოვრებელში გადასვლის შემდეგ ადამიანების კმაყოფილება თავდაპირველად იზრდება, მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ, ხშირად, ძველ დონეს უბრუნდება. კვლევები აჩვენებს, რომ უსაფრთხოებისა და კომფორტისთვის აუცილებელი სივრცის იქით, სახლში დამატებითი ფართი საერთო ბედნიერების ხარისხზე სულ უფრო ნაკლებად მოქმედებს.

ერთ-ერთი მიზეზი დიდი სახლისთვის დამახასიათებელი ხარჯებია – მაღალი იპოთეკური ვალდებულებები, მიწის გადასახადი, მოვლა-პატრონობის ხარჯი, ზოგ შემთხვევაში სამსახურიდან მოშორებით ცხოვრება და ხანგრძლივი მგზავრობა. შედეგად, ადამიანს შეიძლება ნაკლები დრო დარჩეს ოჯახთან, მეგობრებთან და სოციალური ურთიერთობებისთვის.

სტატიაში განხილული კვლევის მიხედვით, სახლის ფართობის 60%-მდე, შესაძლოა, უმეტეს დროს პრაქტიკულად გამოუყენებელი დარჩეს. დიდ სახლებშიც კი ოჯახის წევრები ძირითადად რამდენიმე საერთო სივრცეში – სამზარეულოში, სასადილოსა და მისაღებში იყრიან თავს. შესაბამისად, კარგად დაგეგმილი შედარებით პატარა საცხოვრებელი ზოგჯერ უფრო ღირებულია, ვიდრე დიდი, მაგრამ ნაკლებად ფუნქციური სივრცე.

სტატიაში კიდევ ერთი საინტერესო ფენომენია განხილული: ე.წ. McMansion effect. როტერდამის ერაზმუსის უნივერსიტეტის ეკონომისტის, კლემან ბელეს კვლევის მიხედვით, მოზრდილ სახლში გადასვლით მიღებული კმაყოფილება შეიძლება მნიშვნელოვნად შემცირდეს, თუ მეზობლების სახლები კიდევ უფრო დიდია. განწყობაზე გავლენას ახდენს ადარებენ თუ არა ადამიანები საკუთარ სახლს სხვისას.

2023 წელს ვანკუვერში ჩატარებულმა კვლევამაც აჩვენა, რომ საცხოვრებლის ტიპი ცხოვრების კმაყოფილებაზე მნიშვნელოვან გავლენას არ ახდენდა. გამონაკლისი იყო 28 კვ.მ-ზე ნაკლები სარდაფის ტიპის საცხოვრებლები, სადაც კეთილდღეობის მაჩვენებელი შედარებით დაბალი იყო.

The Washington Post ყურადღებას საცხოვრებლის გარემოზეც ამახვილებს. კვლევები მიუთითებს, რომ ადამიანის კმაყოფილებისთვის ხშირად უფრო მნიშვნელოვანია ხელმისაწვდომი ფასი, ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან სიახლოვე, საზოგადოებრივი ტრანსპორტი, პარკები, საჯარო სივრცეები და სამეზობლო დასახლება, ვიდრე მხოლოდ სახლის ზომა. ხოლო სახლის დიზაინი პრიორიტეტების ჩამონათვალში მხოლოდ მერვე ადგილას აღმოჩნდა. სტატიის თანახმად, ევროპელები საშუალოდ უფრო პატარა საცხოვრებლებში ცხოვრობენ, თუმცა ფეხით გადაადგილებისთვის მოსახერხებელი უბნები, საჯარო სივრცეები და სოციალური ინფრასტრუქტურა პრიორიტეტულია.

და ბოლოს კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი – საცხოვრებელი ფართს გარემოზე ზემოქმედების კუთხითაც მნიშვნელოვანი გავლენა აქვს (წყარო miragenews.com). ევროკავშირის დაკვეთით ჩატარებული კვლევის მიხედვით, CO₂-ის ემისიების დაახლოებით 40% შენობებს უკავშირდება (CO₂ ნახშირორჟანგის ემისიები წარმოადგენს ადამიანის საქმიანობის შედეგად ატმოსფეროში გაფრქვეულ სათბურის აირებს, რომლებიც გლობალური კლიმატის ცვლილებისა და დათბობის მთავარ გამომწვევ მიზეზად სახელდება).

აქ იგულისხმება არა მხოლოდ ის ენერგია, რომელსაც უკვე აშენებული შენობა გათბობისა და გაგრილებისთვის მოიხმარს, არამედ შენობის მთელი სასიცოცხლო ციკლი – მშენებლობა, მასალების წარმოება, გამოყენება, რემონტი და საბოლოოდ დემონტაჟიც. მკვლევარებმა ემისიებზე გავლენის ჭრილში დაახლოებით 15,000 ტიპის შენობის მოდელი შეისწავლეს და სხვადასხვა სცენარი შეადარეს: ენერგოეფექტური განახლება, განახლებადი ენერგიის გამოყენება, ენერგომოთხოვნის შემცირება. ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ფაქტორი სწორედ საცხოვრებელი ფართის შემცირება აღმოჩნდა. კვლევის ავტორების გათვლით, ერთ ადამიანზე საშუალო საცხოვრებელი ფართის მხოლოდ 2 კვ.მ-ით შემცირებამაც კი მათ მიერ შესწავლილ ღონისძიებებს შორის ყველაზე დიდი ეფექტი აჩვენა.

განხილული მაგალითებიდან ჩანს, რომ კითხვას: „რამხელა სახლი სჭირდება ადამიანს კომფორტული ცხოვრებისთვის“? ერთმნიშვნელოვანი პასუხი არ აქვს. თუმცა თანამედროვე ტენდენცია სულ უფრო მეტად აჩვენებს, რომ მთავარი სახლში ფართობი კი არა მისი კომფორტულად მორგებაა.

ბოლო წლებში, განსაკუთრებით ურბანულ ცენტრებში, სტაბილურად იზრდება მოთხოვნა შედარებით მცირე, სტუდიოს ტიპის და კომპაქტურ ბინებზე. ასეთი საცხოვრებელი მოსახერხებელია როგორც დამოუკიდებლად ცხოვრებისთვის – ნაკლები კომუნალური თუ მოვლა-პატრონობის ხარჯების თვალსაზრისით, ისე საინვესტიციოდ, მისი შენახვა და გაქირავება, როგორც წესი, უფრო მარტივია.

„კედარო ჯგუფი“ უძრავი ქონების ბაზრის მონაცემებს და საერთაშორისო ტენდენციებს მუდმივად აკვირდება და დაინტერესებულ ადამიანებს სწორედ ამ ცოდნაზე დაყრდნობით ეხმარება გადაწყვეტილებების მიღებაში.

სურათები გენერირებულია ხელოვნური ინტელექტის მიერ.

ავტორი: ლიკა კასრაძე

თუ გსურთ საქართველოში უძრავ ქონებაში ინვესტირება, „კედარო ჯგუფი“ მზად არის გაგიწიოთ კონსულტაცია:
– მოგვწერეთ: Email – Kedarogroup@gmail.com
– დაგვირეკეთ: +995 593618181
– ან გვესტუმრეთ: გ.ათონელის ქუჩა 18/22, 0105, თბილისი, საქართველო

შეაფასეთ სტატია:

მიმდინარე სტატიები

თეგები