სტატისტიკა აჩვენებს, რომ ქვეყნების უმეტესობაში საკუთარ ჭერქვეშ მცხოვრები მოსახლეობის წილი 50%-ს მნიშვნელოვნად აღემატება.
„ჩემი სახლი ჩემი ციხესიმაგრეა“ – ეს ცნობილი ბრიტანული ფრაზა (an Englishman’s home is his castle) ჯერ კიდევ მე-17 საუკუნიდან მომდინარეობს. ინგლისელმა იურისტმა, მოსამართლემ და პოლიტიკოსმა, ედვარდ კოკმა 1604 წელს ერთ-ერთი სასამართლო განხილვისას აღნიშნა: „ყველა ჩვენგანისთვის სახლი ციხესიმაგრეა, ის არის დაცვა ზიანისა და ძალადობისგან და ასევე ადგილი მოსვენებისთვის“.
აქვე, ქართველებს გვიყვარს ხოლმე თქმა – „ჩემი ქოხი მირჩევნია სხვის სასახლესო“, ამით ადამიანები აღნიშნავენ, რომ საკუთარი სახლი მათი სიძლიერეა, იქ გრძნობენ თავს მშვიდად და დაცულად. მართლაც, საკუთარი უძრავი ქონება გარანტია, სულაც შემოსავლის გარეშე რომ დარჩეს ადამიანი, „თავზე ჭერი მაინც ექნება“.
თუმცა არაერთხელ მოგვისმენია საპირისპირო შეხედულება, რომ განვითარებულ ქვეყნებში საკუთრების შეძენით თავს არავინ იტკიებს და რომ ერთ, მოკლე ცხოვრებას მრავალწლიან ვალში არ ატარებენ.
გვსმენია, რომ დასავლეთის ქვეყნებში – ევროპაში, ამერიკაში, კანადაში, იმდენად დაცულია ადამიანი ეკონომიკურად, რომ ქირის გადახდის პრობლემა არ აქვთ და არც საკუთარი საცხოვრებლის შესაძენად იღებენ უზარმაზარ ფინანსურ ტვირთს. ამ მოდელის მომხრეებს თითქოს ფინანსურ საკითხებში გაუთვითცნობიერებლად გამოჰყავთ ისინი, ვინც საკუთარი საცხოვრისის შესაძენად იბრძვიან.
ქირით ცხოვრების უპირატესობის გასამყარებელ არგუმენტებად მოჰყავთ: მოქნილობა – ადვილად იცვლი უბანს, ქალაქს, თუნდაც სამსახურის მდებარეობის მიხედვით; იპოთეკური ვალისგან, რემონტისგან თუ გაუთვალისწინებელი ხარჯებისგან თავისუფლება; და დანაზოგის სხვა მიზნებისთვის გამოყენება.
ამ არგუმენტების მიუხედავად, ქირით ცხოვრება საქართველოში ბევრისთვის მაინც სიღარიბესთან ასოცირდება და ცხოვრების ამ მოდელმა აქ ფეხი ვერ მოიკიდა. ხშირად მოგვისმენია ფრაზა, რომ “ქირაში გადახდილი ფული წყალში გადაყრილია“. საქართველოში უმეტესობა მაინც საკუთარი „ციხესიმაგრის“, ანუ ჭერის შეძენას ახმარს შემოსავლის დიდ ნაწილს, თუნდაც ბანკის ოცწლიანი კრედიტის გზით.
ახლა გადავხედოთ სტატისტიკას, როგორია რეალობა საქართველოსა და მსოფლიოში. განმარტებისთვის: სტატისტიკა ითვლის არა უშუალოდ უძრავი ქონების მეპატრონეების რიცხვს, არამედ შინამეურნეობის, ოჯახის საკუთრებას, სადაც შესაძლოა საცხოვრებელი უძრავი ქონება ერთ პირზეა რეგისტრირებული, თუმცა ოჯახის სხვა წევრებიც იზიარებენ მას.
საქართველო
საქსტატის თანახმად (წყარო) 2024 წლის მოსახლეობის აღწერის მონაცემებით, მოსახლეობის დაახლოებით 89.8% ცხოვრობს საცხოვრებელში, რომელიც შინამეურნეობის ერთ ან რამდენიმე წევრს ეკუთვნის, ხოლო დაახლოებით 6.5% ცხოვრობს ნაქირავებ საცხოვრებელში. დარჩენილი მოსახლეობა დაგირავებულ, უფასო სარგებლობაში გადაცემულ ან სხვა სტატუსის საცხოვრისში ცხოვრობს.
ქალაქისა და სოფლის ტიპის დასახლებებს შორის განსხვავება შესამჩნევია – ქალაქებში საკუთარი საცხოვრისი ეკუთვნის დაახლოებით 85.6%-ს, ხოლო დაქირავებული აქვს – 9.9%; სოფლებში სახლებს ფლობს 96.8% და ქირაობს – 0.9%.
ევროპა
ევროკავშირის სტატისტიკის სამსახურის, Eurostat-ის მიერ გამოქვეყნებული ბოლო, 2025 წლის ანგარიშის თანახმად, ევროკავშირის მოსახლეობის 68% ცხოვრობს საკუთარ საცხოვრებელ სივრცეში, დანარჩენი 32% კი ნაქირავებში. თუ თვალს გადავავლებთ 2010 წლიდან არსებულ მონაცემს, ეს პროცენტი დაახლოებით 68-71-ს შორის მერყეობს (წყარო).
სესხის და იპოთეკის საშუალებით ევროკავშირში საკუთარ საცხოვრებელში მოსახლეობის 25%-მდე ცხოვრობს, ხოლო ყოველგვარი სესხის გარეშე – 43%. ევროზონაში საკუთარი სახლის მქონეთა პროცენტი 64-ია.

ევროპაში საკუთარ სახლში მცხოვრები მოსახლეობის ყველაზე მაღალი წილი რუმინეთში და სლოვაკეთშია – დაახლოებით 94%-მდე. უნგრეთი და ხორვატია – 90%-ის ფარგლებში. პოლონეთი 87%, ლიტვა – 86%, ლატვია – 82%, იტალია 77%, ესპანეთი – 73%, პორტუგალია – 71%, ბელგია, ირლანდია, მალტა – 70%, საბერძნეთი 69%, ნიდერლანდები 68%, საფრანგეთი – 61%. შვედეთი – 64%, ფინეთი – 66%, ნორვეგია – 80%. დამქირავებელთა შედარებით მაღალი წილი გვხვდება ავსტრიაში – 46% და დანიაში – 42%.
საბოლოოდ, ევროკავშირის თითქმის ყველა წევრ ქვეყანაში საცხოვრებლის მესაკუთრეთა წილი დამქირავებელთა წილს აღემატება. ერთადერთი გამონაკლისია გერმანია, სადაც მოსახლეობის 53% ქირით ცხოვრობს.
აღსანიშნავია, რომ ევროკავშირში საცხოვრებელზე ხელმისაწვდომობის პრობლემა ერთ-ერთი გამოწვევაა და ლიდერები ამ საკითხს სხვადასხვა დონეზე განიხილავენ. ევროკავშირის საბჭოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალის „The EU’s Housing Crisis“ („ევროკავშირის საბინაო კრიზისი“ წყარო) მიხედვით, 2015 წლიდან ევროკავშირში ბინების ფასი საშუალოდ 60%-მდე გაიზარდა, ზოგ ქვეყანაში კი ზრდამ 200%-საც გადააჭარბა.
ამასთან, მატულობს ქირა და კომუნალური ხარჯები, ხოლო შემოსავლები ამ ტემპს ვერ ეწევა. დღეს საცხოვრებელი ხარჯი საშუალო ოჯახის შემოსავლის თითქმის მეხუთედს შეადგენს, დაახლოებით ყოველი მეათე ევროპელი კი ქირის ან იპოთეკის დროულად გადახდას ვერ ახერხებს. დიდ ქალაქებში ყოველი მეათე მცხოვრები შემოსავლის 40%-ზე მეტს საცხოვრებელზე ხარჯავს. კრიზისს ძირითადად განაპირობებს ფასებისა და ქირის ზრდა, არასაკმარისი მშენებლობა, ურბანიზაცია და დემოგრაფიული ცვლილებები.
აშშ
აშშ-ის მოსახლეობის აღწერის სამსახურის 2026 წლის ბოლო, მეორე კვარტლის მონაცემებით, მესაკუთრის მიერ დაკავებული საცხოვრებელი ერთეულების წილია 65%. ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2004 წელს იყო – 69.2%, ყველაზე დაბალი კი 2016 წელს – 63%-მდე (წყარო).

აშშ-ში საკუთარი სახლის ფლობის მაჩვენებელი ადამიანთა ასაკთან ერთად იზრდება. 35 წლამდე ასაკის კატეგორიაში ის 35%-ია, 35-44 წლის ჯგუფში – 60%, 45-54 წლის ჯგუფში 69%, 55-64 წლის ჯგუფში – 75%, ხოლო 65 წელს გადაცილებულებში – 78%.
აქვე, აღსანიშნავია, რომ საკუთარი სახლის ფლობა ფინანსური ვალდებულებებისგან გათავისუფლებას ყოველთვის არ გულისხმობს.
მაგალითად, აშშ-ში მემკვიდრეობით მიღებული საცხოვრებლის შენარჩუნებაზე ბევრი უარს ამბობს, რადგან ქონების გადასახადი, დაზღვევა, რემონტი და მოვლა ზოგჯერ იმდენად ძვირია, რომ მესაკუთრე სახლის გაყიდვას ამჯობინებს.
„ერთ-ერთი პირველი, რასაც დღესდღეობით ბევრი ადამიანი აკეთებს, როდესაც მშობლებისგან მემკვიდრეობას იღებს, არის სახლის კედელზე წარწერის „იყიდება“ განთავსება“ – წერს The Wall Street Journal.
სტატიაში განხილული კვლევის თანახმად, იმ გამოკითხულ ამერიკელთა თითქმის 70%, რომლებიც მშობლების სახლის მემკვიდრეობით მიღებას ელოდნენ, მის გაყიდვას გეგმავს. ამის მიზეზებს შორის სახელდება ქონების და მიწის გადასახადი, კომუნალური ხარჯები, რემონტი, მოვლა და თანამემკვიდრეებისგან წილის გამოსყიდვის სირთულე.
OECD
სახლის საკუთრებაში ფლობა ყველაზე გავრცელებული ფორმაა ქვეყნების უმეტესობაში – ამბობს ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია OECD. მონაცემები ასახავს 2024 წელს ან კონკრეტული ქვეყნისთვის ბოლო ხელმისაწვდომ მონაცემს. საკუთრების საერთო მაჩვენებელი მიღებულია ორი კატეგორიის: სრულად საკუთრებაში არსებული და იპოთეკით შეძენილი საცხოვრებლების დაჯამებით (წყარო).

ორგანიზაციის ბოლო ანგარიშის თანახმად, კანადაში შინამეურნეობების 68% საკუთარ საცხოვრებელში ცხოვრობს, 31% კი – ქირით. იაპონია: – 84.0% საკუთარ საცხოვრებელში, 15.4% კი ქირით. ისლანდია: 78.4% საკუთარ სახლში, 19.2% კი ქირით. მექსიკა: 69.6% საკუთარ საცხოვრებელში, 15.0% კი ქირით. გაერთიანებული სამეფო: საკუთარ საცხოვრებელში 68.4%/, ქირით – 30.7%. ახალი ზელანდია: საკუთარ საცხოვრებელში 63.9%, ქირით 33.1%. ავსტრალია: საკუთარ საცხოვრებელში 62.7%, ქირით -31.7%. სამხრეთ კორეა: საკუთარ საცხოვრებელში 58.0%, ქირით 38.3%. თურქეთი: საკუთარ საცხოვრებელში 55.7%, ქირით – 28.8%. შვეიცარია: საკუთარ საცხოვრებელში 38.2%, ქირით – 61.2%.
ჩინეთი
CNN-ის თანახმად, სხვადასხვა ანგარიშებსა და მონაცემებზე დაყრდნობით, ჩინეთში საცხოვრებელს დაახლოებით 90% ფლობს, ხოლო ქირით გაცემულ საცხოვრებლებზე დაახლოებით 10% მოდის. საკუთრების მაღალი წილი ძირითადად სახელმწიფო და ყოფილი სამუშაო ორგანიზაციების (Danwei) საცხოვრებელი ფონდის პრივატიზაციას უკავშირდება. ჩინეთში, საკუთარ საცხოვრებელს სხვა ქვეყნებთან შედარებით, ადრეულ ასაკშიც იძენენ, 2018 წლის მონაცემებით, მყიდველთა საშუალო ასაკი დაახლოებით 29.5 წელი იყო.
პოსტ-საბჭოთა სივრცე
პოსტ-საბჭოთა ქვეყნებში მოსახლეობის მაღალი პროცენტი ფლობს საკუთარ საცხოვრებელ სივრცეს, რაზეც ძირითადად დიდი გავლენა მოახდინა პრივატიზაციამ, მემკვიდრეობით მიღებულმა ქონებამ, სოფლის კერძო სახლების დიდმა რაოდენობამ და ნაკლებად დაცული ქირავნობის ბაზარმა.
რუსეთში, Trading Economics-ის მიერ Rosstat-ზე დაყრდნობით გამოქვეყნებული ბოლო, 2023 წლის მონაცემებით, სახლის ფლობის მაჩვენებელი 92.6%-ია.
რაც შეეხება სომხეთს, 2022 წლის აღწერის თანახმად, შინამეურნეობების 89.4% ცხოვრობს საცხოვრებელში, რომელიც მისი წევრების საკუთრებაა (წყარო).
აზერბაიჯანში, ბოლო 2024 წლის მონაცემებით, ოჯახების დაახლოებით 95% იმ საცხოვრებელში ცხოვრობს, რომელიც ოჯახს ეკუთვნის. კერძო პირისგან ნაქირავები საცხოვრებლის წილი 0.5%-ია. დანარჩენი ძირითადად სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ საცხოვრებლებზე მოდის.
საბოლოოდ, განხილული სტატისტიკური მონაცემები აჩვენებს, რომ საკუთარი საცხოვრებლის ფლობა მხოლოდ ქართული კულტურისთვის დამახასიათებელი მისწრაფება არ არის. სტატიაში წარმოდგენილი ქვეყნების უმეტესობაში ადამიანთა ნახევარზე მეტი საკუთარ ჭერქვეშ ცხოვრობს.
ამერიკული გამოცემა U.S. News & World Report სტატიაში „უნდა იყიდოთ თუ იქირაოთ სახლი 2026-ში“ წერს, რომ ყიდვასა და ქირაობას შორის ერთი სწორი არჩევანი არ არსებობს, გადაწყვეტილება დამოკიდებულია ფინანსურ მდგომარეობაზე, ცხოვრებისეულ გეგმებსა და ადგილობრივ ბაზარზე.

მაღალი იპოთეკური განაკვეთებისა და ბინის შეძენასთან დაკავშირებული საწყისი ხარჯების გამო საცხოვრებლის დაქირავება ხშირად უფრო იაფია. ის უკეთესი არჩევანია მათთვის, ვინც ერთ ადგილზე დიდხანს დარჩენას არ გეგმავს, არ სურს რემონტისა და სახლის მოვლის პასუხისმგებლობა, ან ურჩევნია დანაზოგი სხვაგან დააბანდოს.
ყიდვა უფრო გამართლებულია, როდესაც ადამიანი სახლში სტაბილურად აპირებს ცხოვრებას, აქვს პირველადი შენატანისთვის თავისუფალი თანხა, სურს სახლზე სრული კონტროლი, ან უძრავი ქონების სახით კაპიტალის დაგროვება.
სურათები გენერირებულია ხელოვნური ინტელექტის მიერ.
ავტორი: ლიკა კასრაძე
თუ გსურთ საქართველოში უძრავ ქონებაში ინვესტირება, „კედარო ჯგუფი“ მზად არის გაგიწიოთ კონსულტაცია:
– მოგვწერეთ: Email – Kedarogroup@gmail.com
– დაგვირეკეთ: +995 593618181
– ან გვესტუმრეთ: გ.ათონელის ქუჩა 18/22, 0105, თბილისი, საქართველო



