გლობალური ბრენდი Trump organization საქართველოში ახალი პროექტით შემოდის. ცენტრალურ პარკთან (ყოფილი იპოდრომი) დაგეგმილი 70-სართულიანი ცათამბჯენი Trump Tower Tbilisi – საცხოვრებელ აპარტამენტებს, სავაჭრო სივრცეებს და სხვადასხვა დანიშნულების ობიექტებს მოიცავს.
ტრამპის ბრენდის საქართველოში შემოყვანის ინიციატივა პირველად, 14 წლის წინ, ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ჰქონდა, რომელმაც 2012 წლის აპრილში ბათუმში პირადად უმასპინძლა დონალდ ტრამპს და ცათამბჯენის პროექტი ერთად წარადგინეს, თუმცა განუხორციელებელი დარჩა.
რაც შეეხება თბილისში დაგეგმილ ამჟამინდელ პროექტს, დეტალები ოფიციალური პრეს-რელიზით გახდა ცნობილი, რომელიც The Trump Organization-მა თავის გვერდზე გამოაქვეყნა.
ცენტრალურ პარკზე ხედებითა და პრესტიჟული მდებარეობით, Trump Tower Tbilisi მრავალფუნქციური კომპლექსის ცენტრალური ნაწილი იქნება, რომელიც მდიდრულ საცხოვრებელ აპარტამენტებს, პრემიუმ კლასის სავაჭრო სივრცეებს, მსოფლიო დონის რესტორნებსა და გამორჩეულ სერვისებს გააერთიანებს.
პროექტი მსოფლიოს უდიდეს არქიტექტურულ კომპანიას Gensler-ს ეკუთვნის, საუბარია, რომ ის საქართველოს ყველაზე მაღალი შენობა გახდება.
ოფიციალური რელიზის თანახმად, პროექტი ქართველ და უცხოელ პარტნიორებთან ერთად განხორციელდება, მათ შორის: Biograpi Living-ი, Archi Group-ი, The Sapir Organization-ი, Blox Group-ი და Finvest Georgia.
ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ საქართველო სულ უფრო მიმზიდველი ხდება საერთაშორისო ინვესტორებისთვის. თბილისში პრემიუმ საცხოვრებლების ფასი ყოველწლიურად 7-10 პროცენტით იზრდება. ქალაქს ხშირად ადარებენ ისეთ მზარდ მიმართულებებს, როგორიცაა ლისაბონი ან ადრეული ეტაპის დუბაი.
The Trump Organization-ის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი, დონალდ ტრამპის ვაჟი ერიკ ტრამპი აღნიშნავს: „სახელი ტრამპი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მდიდრული უძრავი ქონების დეველოპმენტის სინონიმია და Trump Tower Tbilisi ამ მემკვიდრეობის გაგრძელებაა. ჩვენ ვამაყობთ, რომ საქართველოში შემოგვაქვს სრულყოფილების ეს გლობალურად აღიარებული სტანდარტი და განსაკუთრებით მოხარულები ვართ, რომ ამ პროექტზე ასეთ პატივსაცემ და პროფესიონალ დეველოპერებთან ვთანამშრომლობთ.“
ოფიციალურ რელიზში ქართული კომპანიების წარმომადგენლების კომენტარიც არის შეტანილი.
Archi Group-ის თანადამფუძნებელი და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ილია წულაია ამბობს, რომ Trump Tower Tbilisi-ს პროექტი შეცვლის ქალაქის ჰორიზონტს და საქართველოს გლობალურ როლს კიდევ უფრო გააძლიერებს.
Biograpi Living-ი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი დეველოპერული კომპანიაა. კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის, ვასილ ფხაკაძის თქმით, Biograpi Living-ი მხოლოდ პროექტებს არ ახორციელებს.
„ჩვენ ვქმნით ურბანული ცხოვრების მომავალს საქართველოში. Trump Tower Tbilisi-ს მსგავსი პროექტებით ქალაქში შემოგვაქვს ახალი მასშტაბი, ხარისხი და გლობალური მნიშვნელობა“, – აცხადებს ფხაკაძე.
Blox Group-ის თანადამფუძნებელი ლაშა კვაჭაძე წარმოადგენს მრავალპროფილიან ჰოლდინგს, რომელსაც ძლიერი პოზიციები აქვს კავკასიის რეგიონში. ლაშა კვაჭაძე ამბობს, რომ Trump Tower Tbilisi საერთაშორისო ნდობის გამოხატულებაა და საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაში მნიშვნელოვან ეტაპს წარმოადგენს.
ამასთან, Finvest Georgia-ს თანადამფუძნებლის, ლაშა მელაძის თქმით, „Trump Tower Tbilisi საქართველოსთვის გლობალურ საინვესტიციო რუკაზე მნიშვნელოვანი ეტაპია“.
პროექტი ასევე წარმოადგენს The Sapir Organization-ის პირველ ასეთ საერთაშორისო კომერციულ პროექტს. კომპანიის პრეზიდენტისა და CEO-ს, ალექს საპირის ხელმძღვანელობით, ფირმამ შვიდ მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების აქტივები მართა. კომპანიის ოფიციალური გვერდი წერს, რომ განსაკუთრებული ემოციური დატვირთვა აქვს პროექტს ალექს საპირისთვის, The Sapir Organization-ის თავმჯდომარისა და აღმასრულებელი დირექტორისთვის, რომლის მშობლებიც საქართველოში დაიბადნენ.
„საქართველოში დაბრუნება პირველად მას შემდეგ, რაც ხუთი წლის ვიყავი, ჩემთვის ემოციური გამოცდილება იყო. მე ვამაყობ, რომ ჩვენს მეორე შენობას ვაშენებთ იმ ქვეყანაში, სადაც ჩემი მშობლები დაიბადნენ და გაიზარდნენ“, – ამბობს ალექს საპირი.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ პროექტის არქიტექტურის, დიზაინის და გაყიდვების შესახებ დამატებითი დეტალები უახლოეს თვეებში გახდება ცნობილი.
ბმული: https://www.trump.com/media/introducing-trump-tower-tbilisi-tallest-landmark-building-georgia
ფოტო შექმნილია AI-ის მიერ.




