თბილისში, მიმდინარე წელს, წინა წელთან შედარებით, სასტუმროების დატვირთვა და ნომრის ფასი გაზრდილია. ბათუმში დატვირთვა შემცირდა, თუმცა ნომრის ფასი გაიზარდა.
რაც შეეხება ტურიზმის დინამიკას, 2026 წლის პირველ კვარტალში საქართველომ 1.2 მილიონ საერთაშორისო ვიზიტორს უმასპინძლა, ხოლო ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა $829.8 მილიონი შეადგინა.
უფრო ნათელი სურათისთვის, გავყვეთ Galt & Taggart-ის ანგარიშში შესულ მონაცემებს, რომელიც 2026 წლის პირველი კვარტლის მდგომარეობას გვაცნობს.
თბილისი და ბათუმი: სასტუმროები VS Airbnb
საქართველოში ვიზიტორითა განთავსების ინფრასტრუქტურის თითქმის 60% თბილისსა და აჭარაზე მოდის.
თბილისი/სასტუმროები – 2026 წლის პირველ კვარტალში თბილისში სასტუმროების KPI გაუმჯობესდა როგორც დატვირთვის, ისე ფასის მხრივ (KPI – Key Performance Indicator შედეგებში ეფექტურობის მაჩვენებლებს ეწოდება).
კონკრეტულად, წელს სასტუმროების დატვირთვის საშუალო კოეფიციენტი 43%-ია, ხოლო 2025 წლის პირველ კვარტალში 39% იყო (პირობითად, თუ სასტუმროს აქვს 100 ნომერი აქედან, საშუალოდ წელს პირველ კვარტალში 43 იყო დატვირთული).
რაც შეეხება ფასს, ესეც მომატებულია. ნომრის საშუალო ფასი ერთ ღამეზე (ADR -Average daily room rate) წელს პირველ კვარტალში $89 აშშ დოლარია, ხოლო, გასული წლის პირველ კვარტალში $83 აშშ დოლარი იყო. ანგარიშში აღნიშნულია, რომ ეს ევროკავშირის ქვეყნებიდან ვიზიტორთა ზრდას უკავშირდება.
ბათუმი/სასტუმროები – რაც შეეხება ბათუმს, აქ 2026 წლის პირველ კვარტალში დატვირთვის საშუალო კოეფიციენტი 31%-ია, ხოლო 2025 წლის პირველ კვარტალში 47% იყო. მომატებულია ნომრის საშუალო ფასი – ის წელს $81 აშშ დოლარია, ხოლო, გასული წლის პირველ კვარტალში $74 აშშ დოლარი იყო.
თბილისი/Airbnb – ბინების გაქირავება Airbnb-ზე თბილისში წლიურად 24%-ით გაიზარდა და 2026 წლის პირველ კვარტალში 319 000 დღიური ჯავშანი განხორციელდა. გაქირავების საშუალო დღიური ფასი $41 აშშ დოლარს შეადგენს. გასული წლის ამავე პერიოდში $40 აშშ დოლარი იყო.
ბათუმი/Airbnb – ბათუმში წელს პირველ კვარტალში Airbnb-ზე მოთხოვნა წლიურად 7%-ით გაიზარდა და 157 000 დღიური ჯავშანი განხორციელდა. გაქირავების საშუალო დღიური ფასი $28 აშშ დოლარს შეადგენს. გაუსლი წლის ამავე პერიოდში კი $31 აშშ დოლარი იყო.
ვიზიტორთა დინამიკა
ანგარიშის თანახმად, 2026 წლის პირველ კვარტალში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა წლიურად 0.2%-ით შემცირდა და 1.2 მლნ შეადგინა. ვიზიტორების რაოდენობა მოიცავს როგორც ტურისტულ, ისე ერთდღიან ვიზიტებს. 2026 წლის I კვარტალში ტურისტების რაოდენობა წლიურად 4.0%-ით გაიზარდა და 1.0 მლნ-ს მიაღწია, ხოლო ერთდღიანი ვიზიტორები წლიურად 19.0%-ით შემცირდა და 0.2 მლნ შეადგინა.
საერთაშორისო ვიზიტორთა ნაკადების ზრდა ძირითადად დაფიქსირდა: თურქეთი (+5.8%), რუსეთი (+5.2%), უკრაინა (+24.5%), ჩინეთი (+48.6%), ევროკავშირის ქვეყნები (+30.2%). იკლო ახლო აღმოსავლეთიდან, ინდოეთიდან, სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან. ირანის კონფლიქტის ფონზე, ისრაელიდან ვიზიტორები წლიურად 17.5%-ით, ირანიდან კი 48.8%-ით შემცირდა.
სტატისტიკას თუ დავაკვირდებით, საქართველოში ტურიზმი კვლავ მძლავრად არის დამოკიდებული მეზობელ ქვეყნებზე, რადგან ვიზიტორების ნახევარზე მეტი – დაახლოებით 54%, თურქეთიდან, რუსეთიდან და სომხეთიდან დაფიქსირდა. თურქეთი – 20.4%, რუსეთი – 19.7%, სომხეთი – 13.7%, ისრაელი – 5.7%, აზერბაიჯანი – 5.1%, უკრაინა – 2.6%, ყაზახეთი – 1.8%, ჩინეთი – 1.8%, ინდოეთი – 1.6%, სხვა ქვეყნები – 27.6%.
ტურიზმიდან შემოსავლები
2026 წლის პირველ კვარტალში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 0.5%-ით გაიზარდა და 829.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
ზრდა ძირითადად ევროკავშირიდან (+36.4% წ/წ), თურქეთიდან (+12.2% წ/წ), უკრაინიდან (+34.2% წ/წ) და საუდის არაბეთიდან (+47.6% წ/წ) მიღებულმა შემოსავლებმა განაპირობა. ახლო აღმოსავლეთის სხვა ძირითადი ქვეყნებიდან შემოსავლები მნიშვნელოვნად შემცირდა.
წყარო: Galt & Taggart
ავტორი: ლიკა კასრაძე
თუ გსურთ საქართველოში უძრავ ქონებაში ინვესტირება, „კედარო ჯგუფი“ მზად არის გაგიწიოთ კონსულტაცია:
– მოგვწერეთ: Email – Kedarogroup@gmail.com
– დაგვირეკეთ: +995 593618181
– ან გვესტუმრეთ: გ.ათონელის ქუჩა 18/22, 0105, თბილისი, საქართველო




