ორშაბათი, სექტემბერი 07, 2026
Patern 1

ინვესტიციები / ბაზრის ანალიზი

Patern 1
  • მთავარი ///
  • საქართველო ///
  • თბილისის ცენტრში ახალაშენებული ბინების ფასები 29.6%-ით გაიზარდა, ბათუმში უცხოელი მყიდველების წილი 49%-ია

თბილისის ცენტრში ახალაშენებული ბინების ფასები 29.6%-ით გაიზარდა, ბათუმში უცხოელი მყიდველების წილი 49%-ია

სტატიაში წაიკითხავთ: როგორ შეიცვალა თბილისისა და ბათუმის უძრავი ქონების ბაზარი, რომელი უბანი გამოირჩევა ტრანზაქციების ზრდით და რა როლს თამაშობენ უცხოელი მყიდველები ბაზრის ზრდაში.
Share:

2026 წლის მაისში თბილისში 3,787 საცხოვრებელი ბინა გაიყიდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 13.1%-ით მეტია. ამავე დროს, დედაქალაქში უძრავი ქონების ბაზრის ზომა 32.4%-ით გაიზარდა და 334 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია.

რაც შეეხება ბათუმს, 2026 წლის მაისში აქ 1,324 საცხოვრებელი ბინა გაიყიდა, რაც გასული წლის მაისთან შედარებით 2.5%-ით მეტია. ბაზრის მოცულობა 22.2%-ით გაიზარდა და 87 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

თბილისისა და ბათუმის უძრავი ქონების ბაზრის განახლებულ მონაცემებს Colliers Georgia აქვეყნებს.

თბილისი

კვლევის თანახმად, 2026 წლის მაისში თბილისში ახალ პროექტებში ტრანზაქციების რაოდენობა გასული წლის მაისთან შედარებით 15.3%-ით გაიზარდა.

ზრდა დაფიქსირდა ახალაშენებული ბინების როგორც პირველად (11.4%), ისე მეორეულ ბაზრებზე (20.7%). მეორეულ ბაზარზე ზრდის 40% სამგორის უბანზე მოდის.

ტრანზაქციების რაოდენობა 5.1%-ით გაიზარდა ძველ პროექტებშიც. თბილისში, როგორც ძველ ისე ახალ პროექტებში ტრანზაქციების უმეტესობა საქართველოს მოქალაქეებზე მოდის, უცხოეთის მოქალაქეების წილი კი 2026 წლის მაისში 11.4% იყო.

ამასთან, თბილისში ახალაშენებული ბინების ფასები ზრდას განაგრძობს:

2026 წლის მაისში თბილისში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 2025 წლის მაისთან შედარებით გარეუბნებში 7.2%-ით გაიზარდა, 10.6%-ით – ფართო ცენტრში, ხოლო, ქალაქის ცენტრში 29.6%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

კვლევაში აღნიშნულია, რომ თბილისის ცენტრში ფასებმა ძირითადად პირველადი ბაზრის ხარჯზე მოიმატა, რადგან ერთდროულად რამდენიმე ძვირადღირებული პროექტის ტრანზაქციები დარეგისტრირდა. ხოლო, მეორეულ ბაზარზე ქალაქის ცენტრში 11.5%-იანი ზრდა ფიქსირდება.

დედაქალაქის მასშტაბით პირველადი ტრანზაქციების საშუალო შეწონილი ფასის ზრდამ 14.9% შეადგინა. მეორეულ ბაზარზე კი საშუალო შეწონილი ფასი ქალაქის მასშტაბით 5.5%-ით გაიზარდა.

2026 წლის მაისში თბილისში ძველი ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 2025 წლის მაისთან შედარებით ცენტრში 23.5%-ით, ფართო ცენტრში 3%-ით, ხოლო გარეუბანში 11.6%-ით გაიზარდა.

დედაქალაქის მასშტაბით ძველ პროექტებში ფასმა 16%-ით მოიმატა. აღსანიშნავია, რომ ქალაქის ცენტრში ფასების მნიშვნელოვანი ზრდაზე გავლენას დარეგისტრირებული ტრანზაქციების მცირე რაოდენობა ახდენს.

ბათუმი

ბათუმში 2026 წლის მაისში ახალაშენებული ბინების ტრანზაქციების რაოდენობა 2025 წლის მაისთან შედარებით 3.3%-ით გაიზარდა, ძველი ბინების ტრანზაქციებმა კი 7.3%-ით იკლო.

ტრანზაქციების რაოდენობა 13.4%-ით გაიზარდა მეორეულ ბაზარზე, ხოლო პირველად ბაზარზე 8.5%-იანი კლება დაფიქსირდა.
უცხოელი მყიდველების წილი ძველი და ახალი პროექტების ტრანზაქციებში გასული წლის მაისთან შედარებით გაიზარდა და 49% შეადგინა. ახალ და ძველ პროექტებში ტრანზაქციების რაოდენობის ზრდის 59% უცხოელ მყიდველებზე მოდის.

ბათუმში 2026 წლის მაისში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი ფასი გასული წლის მაისთან შედარებით 8.7%-ით გაიზარდა და კვ.მ-ზე 1,323 აშშ დოლარი შეადგინა.

პირველად ბაზარზე მაჩვენებელი 8.7%-ით გაიზარდა, ხოლო მეორეულ ბაზარზე 4.5%-იანი ზრდა დაფიქსირდა. გასათვალისწინებელია, რომ პირველად ბაზარზე ტრანზაქციების ნაწილი გვიან რეგისტრირდება.

მთავარი ფოტო გენერირებულია ხელოვნური ინტელექტის მიერ.

ავტორი: ლიკა კასრაძე

თუ გსურთ საქართველოში უძრავ ქონებაში ინვესტირება, „კედარო ჯგუფი“ მზად არის გაგიწიოთ კონსულტაცია:
– მოგვწერეთ: Email – Kedarogroup@gmail.com
– დაგვირეკეთ: +995 593618181
– ან გვესტუმრეთ: გ.ათონელის ქუჩა 18/22, 0105, თბილისი, საქართველო

შეაფასეთ სტატია:

მიმდინარე სტატიები

თეგები