ორშაბათი, სექტემბერი 07, 2026
Patern 1

ინვესტიციები / ბაზრის ანალიზი

Patern 1
  • მთავარი ///
  • საქართველო ///
  • ეკატერინე ჭიღლაძე: დროა, სახელმწიფომ უძრავი ქონების აგენტი ეკონომიკური პროცესის მნიშვნელოვან მონაწილედ აღიქვას

ეკატერინე ჭიღლაძე: დროა, სახელმწიფომ უძრავი ქონების აგენტი ეკონომიკური პროცესის მნიშვნელოვან მონაწილედ აღიქვას

მიუხედავად იმისა, რომ უძრავი ქონების სფერო საქართველოში ათასობით ადამიანს ასაქმებს ქვეყანაში არ არის კანონი, რომელიც ამ სექტორს უფრო დახვეწილ სახეს მისცემს
Share:

მიუხედავად იმისა, რომ უძრავი ქონების სფერო საქართველოში ათასობით ადამიანს ასაქმებს და მათი რიცხვი წლიდან წლამდე იზრდება, მისი პოტენციალი მაინც ნაკლებად არის ათვისებული. ქვეყანაში არ არის კანონი, რეგულაცია, რომელიც ამ მზარდ სექტორს უფრო დახვეწილ და თანამედროვე მოთხოვნებზე მორგებულ სახეს მისცემს.

გლობალური კვლევები ცხადად აჩვენებს, რომ უძრავი ქონების სექტორი ერთ-ერთი ყველაზე სასურველი და მომგებიანი სფეროა თანამედროვე შრომით ბაზარზე. იმ პირობებში, როცა „უძრავი ქონების აგენტი“ მსოფლიოს მასშტაბით სასურველი პროფესიების ტოპ ათეულში მეორე ადგილზეა და რამდენიმე განვითარებულ ქვეყანაში ლიდერობს, ცხადია, რომ ეს საქმიანობა მხოლოდ საშუამავლო სერვისი არ არის. (გაეცანით სტატიას: „უძრავი ქონების აგენტი მსოფლიოში სასურველ საქმიანობებს შორის მეორე ადგილზეა“). ის სწორ პირობებში მაღალი პასუხისმგებლობის პირველ ხაზის პროფესიაა, რომელიც ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას, საინვესტიციო გარემოს ხარისხს და მოქალაქეთა კეთილდღეობას უშუალოდ უკავშირდება. ამ სფეროს სათანადოდ აწესრიგებენ განვითარებულ ქვეყნებში და შედეგიც სახეზეა, საქართველოში კი დარგი კვლავ თვითდინების ამარაა დარჩენილი. შესაბამისი კანონმდებლობის არ არსებობის გამო ქართველი აგენტი ყოველთვის დაუცველია სასამართლოშიც.

ოფიციალური სტატისტიკა გვიჩვენებს, რომ საქართველოში უძრავი ქონების სექტორში წლიდან წლამდე იზრდება, როგორც დასაქმებულთა რაოდენობა, ისე ფინანსური ბრუნვა.

საქსტატის ანგარიშში: „ბიზნეს სექტორი საქართველოში – 2025“, უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ საქმიანობებში 2024 წელს დასაქმებული იყო დაახლოებით 21 000 ადამიანი, ხოლო 2020 წელს – დაახლოებით 18 000.

საქსტატის ანგარიშში მითითებულია, რომ 2024 წელს უძრავი ქონების სფეროსთან დაკავშირებით რეგისტრირებულია 14 637 ერთეული, ხოლო 2020 წელს იყო – 11541. ამავე ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2020–2024 წლებში უძრავი ქონების საქმიანობასთან დაკავშირებული ფინანსური ბრუნვა საქართველოში 1.3 მლრდ ლარიდან დაახლოებით 2.3 მლრდ ლარამდე გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ ეს არის ანგარიშიდან მხოლოდ ერთი კატეგორიის – უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობების მონაცემები, თუმცა ცალკე კატეგორიაა მშენებლობა, რომელიც უძრავ ქონებასთან პირდაპირ იკვეთება და იქ დასაქმების თუ ბრუნვის მონაცემები გაცილებით დიდი და მზარდია.

საქართველოში უძრავი ქონების საქმიანობა ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთ მთავარ საყრდენად ყალიბდება. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს თანახმად, სხვადასხვა წლის მონაცემში ამ სფეროს წილი მშპ-ში დაახლოებით 9–10%-ს აღწევს. სამინისტროს მონაცემებით, 2025 წლის მესამე კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მნიშვნელოვნად გაიზარდა წყალმომარაგება, ნარჩენების მართვის; უძრავი ქონების; ტრანსპორტის; საფინანსო და სადაზღვევო და ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორებში. 2025 წლის სამ კვარტალში ყველაზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების სექტორში, სადაც ინვესტიციამ 317.2 მლნ. აშშ დოლარი, მთლიანი ინვესტიციის 24.5% შეადგინა. შემდეგ კი მოდის უძრავი ქონების სექტორი 165.1 მლნ. აშშ დოლარით, მთლიანი ინვესტიციების 12.7%-ით.

საქართველოს შემთხვევაში, სადაც სამშენებლო და უძრავი ქონების სექტორი დინამიკურად იზრდება, ამ სფეროში დასაქმებული პროფესიონალების როლი ხშირად მაინც დაუფასებელი რჩება. ერთის მხრივ, ქვეყანაში იგეგმება/ხორციელდება მსხვილი დეველოპერული პროექტები და შემოდის საერთაშორისო ბრენდები, მეორეს მხრივ, პროფესია „უძრავი ქონების აგენტი“ ჯერ კიდევ არ არის აღქმული სრულფასოვან, სტაბილურ და მაღალკვალიფიციურ კარიერად. (გაეცანით სტატიას: გლობალური ბრენდები საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე). საქსტატის ანგარიშში ამ სფეროში შრომის საშუალო თვიური ანაზღაურება 2024 წელს მითითებულია დაახლოებით 1800 ლარი, ხოლო 2020 წელს – 1190 ლარამდე.

კომპანია „კედარო ჯგუფის“ დირექტორი, თანადამფუძნებელი ეკატერინე ჭიღლაძე ამ სფეროს რეგულირების აუცილებლობაზე საუბრობს და ამბობს, რომ სწორედ ახლა არის ის მომენტი, როდესაც სახელმწიფოს, აკადემიურ წრეებსა და უძრავი ქონების სექტორს შორის თანამშრომლობა უნდა გააქტიურდეს.

„თუ გვინდა, რომ ქვეყანამ სრულფასოვნად ისარგებლოს უძრავი ქონების სექტორის ეკონომიკური, სოციალური და ურბანული პოტენციალით, საჭიროა აგენტის როლის აღქმა არა უბრალოდ ქონების რეალიზატორად, არამედ ადგილობრივი ეკონომიკური პროცესების მნიშვნელოვან კომპონენტად. ამისთვის საჭიროა: 1. პროფესიული გადამზადების, ტრენინგებსა და საუნივერსიტეტო პროგრამებში ამ სფეროს განათლების კუთხით ინტეგრირება; 2. მომხმარებლის და აგენტის ინტერესებზე ორიენტირებული ეთიკის, საკანონმდებლო რეგულირებისა და თვითრეგულირების სტანდარტების დამკვიდრება“,  – აცხადებს ეკატერინე ჭიღლაძე.

თუ გავითვალისწინებთ გლობალურ ტენდენციებსა და ადგილობრივ პოტენციალს, მკაფიოა, რომ უძრავი ქონების სფერო საქართველოში მხოლოდ ტექნიკური ან დამხმარე სფეროდ აღარ უნდა ჩაითვალოს. პირიქით – ეს არის მაღალი ღირებულების მქონე მიმართულება, რომელსაც სჭირდება მეტი ინვესტიცია ცოდნაში, ადამიანურ რესურსში და პროფესიულ განვითარებაში.

ფართო სურათი გვიჩვენებს, რომ უძრავი ქონების აგენტი უკვე არის და მომავალშიც იქნება ერთ-ერთი იმ პროფესიათაგანი, რომელიც ეკონომიკურ დინამიკას, სახელმწიფო პოლიტიკას, ურბანულ განვითარებასა და ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებას ერთმანეთთან აკავშირებს. უძრავი ქონების აგენტების პროფესიის სათანადო დაფასება და გაძლიერება ნიშნავს არა მხოლოდ ერთი სექტორის განვითარებას, არამედ ზოგადად, ქვეყნის ეკონომიკური ეკოსისტემის გაჯანსაღებას.

თუ გსურთ საქართველოში უძრავ ქონებაში ინვესტირება, „კედარო ჯგუფი“ მზად არის გაგიწიოთ კონსულტაცია:

  • მოგვწერეთ: Email – Kedarogroup@gmail.com
  • დაგვირეკეთ: +995 593618181
  • ან გვესტუმრეთ: გ.ათონელის ქუჩა 18/22, 0105, თბილისი, საქართველო
შეაფასეთ სტატია:

მიმდინარე სტატიები

თეგები