ძველ ბათუმში უძრავი ქონების საშუალო ფასი 1 კვ.მ $3,146 დოლარია, რაც ვაკისა და მთაწმინდის რაიონების ფასს აღემატება. ახალი ბულვარი და გონიო-კვარიათი კი ფასით დედაქალაქის პრესტიჟულ უბნებს უტოლდება.
Galt & Taggart ბათუმში უძრავი ქონების ბაზრის განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.
ბათუმში 2026 წლის პირველ კვარტალში 4,049 ბინა გაიყიდა, რაც წინა წელთან შედარებით 15.8%-ით მეტია. ყველაზე მეტი – 1,671 ბინა ახალ ბულვარში გაიყიდა.
საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრის ჯამური ზომა 321 მილიონი აშშ დოლარია.
1 კვ/მ მზა აპარტამენტის საშუალო ფასი $1,893 დოლარია. ფასი წლიურად 8.7%-ით გაზრდილია.
2026 წლის პირველ კვარტალში ყველაზე ძვირი ლოკაციებია: ძველი ბათუმი – $3,146/მ², გმირთა ხეივანი – $2,081/მ², გონიო-კვარიათი – $2,075/მ².

შედარებისთვის, Galt & Taggart-ის 2026 წლის მარტის ანგარიშის თანახმად, თბილისის პრესტიჟულ უბნებში ბინების საშუალო ფასი იყო: ვაკე – $2,933/მ², მთაწმინდა – $2,883/მ², ჩუღურეთი – $2,200/მ², კრწანისი – $1,678/მ² და საბურთალო – $1,658/მ²
ბათუმში მეორად ბაზარზე გაყიდვები, რაც დინამიკას რეალურ დროში აჩვენებს, წლიურად 10.1%-ით გაიზარდა. პირველად ბაზარზე კი გაყიდვები, რაზეც გავლენას დაგვიანებული რეგისტრაციები ახდენს, წლიურად 21.1%-ით არის მომატებული.
მეორადი ბაზრის ახალ პროექტებში საშუალო ფასი წლიურად 7.8%-ით გაიზარდა და 1,479 აშშ დოლარი შეადგინა.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ ორ ბაზარს შორის არსებული სხვაობა, მშენებარე პროექტების დიდი მოცულობა და ქირის შემოსავლიანობის ეტაპობრივი შემცირება, შესაძლოა პირველადი ბაზრის ფასების ამ ტემპით ზრდისთვის შემზღუდავ ფაქტორად იქცეს.
რაც შეეხება ქირას, 2026 წლის I კვარტალში ბათუმში საშუალო დღიური ქირა (ADR) დღეში 27.2 აშშ დოლარი იყო. ეს მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით 7.3%-ით შემცირდა. თუმცა ძირითადი შედეგები მეტწილად ზაფხულის სეზონზეა დამოკიდებული.
შემცირების მიუხედავად, 2026 წლის მარტში ბათუმში ქირის შემოსავლიანობამ 7.1% შეადგინა, რაც შესადარის ქალაქებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ბათუმი მხოლოდ დუბაის (8.5%) ჩამორჩება. ანტალია (6.6%), ნიქოზია (6.6%), ლიმასოლი (6.5%) და ალანია (5.6%).
2026 წლის I კვარტალში ბათუმში უძრავი ქონების გაყიდვების 37% საქართველოს მოქალაქეებზე მოდიოდა. უკრაინის, რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეები – 16%, ევროპის ქვეყნების მოქალაქეები 18%, ისრაელის მოქალაქეები 10%, თურქეთის მოქალაქეები 4%, არაბული ქვეყნების მოქალაქეები 3%, ხოლო დანარჩენი 12% სხვა ქვეყნებზე ნაწილდება. 2025 წელს ქართველი მყიდველების წილი 44% იყო, ხოლო 2024 წელს – 32%.
ანგარიშში ნათქვამია, რომ 2026 წლის პირველ კვარტალში ბათუმში მოთხოვნა მაღალ დონეზე შენარჩუნდა. ტრანზაქციების რაოდენობა გაიზარდა როგორც პირველად, ასევე მეორად ბაზარზე. მიუხედავად პირველად ბაზარზე გაზრდილი გაყიდვებისა, ეს დონე კვლავ მნიშვნელოვნად ჩამორჩება 2022-23 წლების რეკორდულ ნიშნულს, ხოლო გასაყიდი ბინების რაოდენობა ზრდას განაგრძობს, რაც ხაზს უსვამს შენარჩუნებულ ჭარბი მიწოდების რისკებს. ამის ფონზე, პირველად ბაზარზე ფასის ზრდის მაღალი ტემპი შენარჩუნდა, თუმცა, მიმდინარე მშენებლობების დიდმა მოცულობამ და ქირის შემოსავლიანობის სტაბილურმა შემცირებამ შესაძლოა მასზე წნეხი მოახდინოს.
წყარო: Galt & Taggart
ავტორი: ლიკა კასრაძე
მთავარი ფოტო გენერირებულია ხელოვნური ინტელექტის მიერ.
თუ გსურთ საქართველოში უძრავ ქონებაში ინვესტირება, „კედარო ჯგუფი“ მზად არის გაგიწიოთ კონსულტაცია:
– მოგვწერეთ: Email – Kedarogroup@gmail.com
– დაგვირეკეთ: +995 593618181
– ან გვესტუმრეთ: გ.ათონელის ქუჩა 18/22, 0105, თბილისი, საქართველო.




