ცხოვრებაში ნებისმიერი გადაწყვეტილება დაფიქრებას და წინასწარ მომზადებას ითხოვს, მით უმეტეს თუ ის ისეთ კომპლექსურ საკითხს უკავშირდება, როგორიცაა უძრავი ქონების შეძენა.
რისკები განსაკუთრებით მინიმუმამდე უნდა დაიყვანოთ, როცა საქმე დიდ თანხებს ეხება, რათა შეცდომა ფატალური არ აღმოჩნდეს და ათეულობით წელი, მენტალური და ფიზიკური ჯანმრთელობა არ დაკარგოთ მის გამოსწორებაზე.
მით უმეტეს, საქართველოში ჯერ კიდევ მძაფრად გვახსოვს უპასუხისმგებლო სამშენებლო კომპანიების მიერ დაზარალებული და ცხოვრებადანგრეული ასობით ოჯახი, ან თუნდაც ერთი ქონების სამჯერ და ოთხჯერ უკანონოდ გადაყიდვის ფაქტებზე გვსმენია.
დროთა განმავლობაში, ადამიანებმა საკუთარი თუ სხვისი ცუდი გამოცდილებით გარკვეული ცოდნა დააგროვეს და მეტ-ნაკლებად სიფრთხილეც ისწავლეს, თუმცა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საფრთხეები არსად წასულა. მაგალითისთვის სულ ახლახან გახმაურებული „სფერო ჰოლდინგის“ საქმეც კმარა, რომელსაც ათობით დაზარალებული ჰყავს.
უფრო მეტი შიში და კითხვის ნიშანი ჩნდება, თუ პროექტი ჯერ ახალი დაწყებულია და ე.წ. ჰაერს ყიდულობთ. ამ დროს საყურადღებოა: ლოკაცია, გეოლოგიური და სეისმური მდგრადობა, კომპანიის რეპუტაცია, იურიდიული მხარე, სამშენებლო მასალების ხარისხი, საინვესტიციო პოტენციალი და სხვა. დროულად და სწორად დასმული კითხვები გონივრული სტრატეგიის ნაწილია, რაც კლიენტს სრულად თუ არა დიდწილად მაინც იცავს მძიმე შედეგებისგან.
ამიტომ, საქმეს გაგიადვილებთ და ამ სტატიაში ამომწურავ ინფორმაციას მოგაწვდით – წინასწარ რა უნდა გაითვალისწინოთ და როგორ მოემზადოთ დეველოპერთან გასაუბრებისთვის. მანამდე კი შეგახსენებთ, რომ „კედარო ჯგუფი“ ადამიანებს სწორედ სანდო კომპანიების და ხელსაყრელი ვარიანტების მოძიებას უმარტივებს, ამიტომ მრავალწლიანი გამოცდილების მქონე სპეციალისტთან წინასწარ კონსულტაცია მაინც არ გაწყენთ: +995 593 61 81 81.
ახლა კი განვიხილოთ, რას მიაქციოთ ყურადღება მშენებარე პროექტში ბინის შეძენისას და რა კითხვები დაუსვათ კომპანიას:
ლოკაცია
პირველ რიგში, ბიუჯეტის და საჭიროებების შესაბამისად ირჩევთ ლოკაციას – ქალაქის ცენტრი, თუ გარეუბანი. ზოგადად, რეგიონების მაცხოვრებლები, როდესაც თბილისში ბინას ყიდულობენ, ითვალისწინებენ შესაბამის ლოკაციას, რომ თბილისში შემოსვლისას გრძელი მანძილის და საცობების გავლა აღარ მოუხდეთ. მაგალითად, თბილისიდან დასავლეთ რეგიონებში მცხოვრები ადამიანები უფრო ხშირად დიდ დიღომს და გლდანს ირჩევენ, ვიდრე ვარკეთილს ან ვაზისუბანს, შესაბამისად იქცევა აღმოსავლეთის და სამხრეთის მიმართულება. ახალგაზრდა ოჯახები ხშირად ირჩევენ მშობლებთან ახლოს დასახლებებს, იმ გათვლით, რომ მშობლები შემდგომ ბავშვების გაზრდაში მიეხმარებიან. ამ პრაქტიკული ფაქტორების გარდა, საფიქრებელია:
- უბნის განვითარების პერსპექტივა
- ტრანსპორტის ხელმისაწვდომობა
- სკოლები, ბაღები
- ეკოლოგიური მდგომარეობა
- სამომავლო ინფრასტრუქტურული პროექტები
- არის თუ არა რაიონი გადატვირთული მშენებლობებით?
- რამდენად ხმაურიანია ქუჩა
წინასწარ მოიძიეთ ინფორმაცია შენდება თუ არა ახლოს ახალი გზა, პარკი ან სავაჭრო ცენტრი? მიდის თუ არა ინტენსიური მშენებლობები? ეს კითხვები მეტ-ნაკლებად ადგენს ფასის ზრდის პოტენციალს.
კომპანიის რეპუტაცია
ყველაზე მეტად ბინის შერჩევის პროცესში საყურადღებო საკითხია სამშენებლო კომპანიის რეპუტაცია და სანდოობა. გასარკვევია:
- რამდენი წელია კომპანია ბაზარზე
- რომელი პროექტები აქვს დასრულებული
- რა ვადებში ასრულებს პროექტებს
- რამდენად პასუხისმგებლობით ეკიდება სამშენებლო მასალების ხარისხს
- წესრიგში აქვს თუ არა დოკუმენტები
- ხომ არ არის უკვე რომელიმე გაკოტრებული კომპანიის მემკვიდრე
- ვინ არიან მისი დამფუძნებლები
კარგია წინასწარ წაიკითხოთ ამ კომპანიის მიმართ სოციალურ ქსელში დადებითი და უარყოფითი გამოხმაურებები, ან გამოძებნოთ ახლობელი, ვინც უკვე შეიძინა კომპანიის მიერ დასრულებული ბინა და პირადად ჰკითხოთ აზრი.
იურიდიული მხარე
არანაკლებ მნიშვნელოვანია იურიდიული მხარე. საყურადღებოა:
- მიწის სტატუსი
- სამშენებლო ნებართვა
- რეესტრში რეგისტრაცია
- ხელშეკრულების პირობები
- ექსპლუატაციაში მიღების აქტი
განსაკუთრებით გაამახვილეთ ყურადღება წინასწარი ნასყიდობის ხელშეკრულებაზე და აჩვენეთ იურისტს. ყურადღება მიაქციეთ ჯარიმებს, გადავადების პირობებს.
საკითხავია, როგორ დაიცვათ თანხები, თუ მშენებლობა დაგეგმილისამებრ ვერ განხორციელდა – იგულისხმება escrow ანგარიში თუ არსებობს, კომპანიას აქვს თუ არა ბანკის მხარდაჭერა, რა ხდება თუ კომპანია დათქმულ ვადაში ვერ ასრულებს პროექტს, რა კომპენსაცია/სანქცია წერია ხელშეკრულებაში, როგორია დავის გადაწყვეტის მექანიზმი, არსებობს თუ არა მესამე მხარის დაზღვევა/გარანტია.
რა ხდება ობიექტის ჩაბარების შემდგომ ხარვეზების აღმოჩენის შემთხვევაში.
გეოლოგია, უსაფრთხოება და სამშენებლო ნორმების დაცვა
საქართველო მთაგორიანი ქვეყანაა, თბილისშიც რამდენიმე უბანი გაშენებულია ფერდობებზე. ხშირად პრობლემები უკავშირდება არა თავად შენობას, არამედ ნიადაგს. ამიტომ წინასწარ მოიძიეთ:
- ჩატარებულია თუ არა გეოლოგიური კვლევა მშენებლობამდე?
- გაეცანით გეოლოგიურ დასკვნას, სამშენებლო ნებართვის დოკუმენტს
- რა კატეგორიის გრუნტია – მყარი, ფხვიერი თუ საშუალო სიმკვრივის?
- მიწისქვეშა წყლები
- არის თუ არა ტერიტორია მეწყერსაშიშ ზონაში?
- როგორია საძირკვლის ტიპი?
რადგან საქართველო სეისმურად აქტიურ ზონაშია, აუცილებლად დაინტერესდეთ, რა სეისმურ ნორმაზეა გათვლილი შენობა? (რამდენ ბალზე), ვინ ახორციელებს ტექნიკურ და სამშენებლო ზედამხედველობას?
საყურადღებოა სახანძრო უსაფრთხოება: არსებობს თუ არა ხანძარსაწინააღმდეგო სისტემა? გათვალისწინებულია თუ არა სათადარიგო კიბე, ავტომატური დეტექტორები, პარკინგში ვენტილაციის სისტემა?
ასევე მოიკითხეთ ყოველდღიური უსაფრთხოება: დაცვა, ვიდეოკამერები, კონტროლი შესვლაზე, ლიფტების წარმომავლობა და სერტიფიკატი.
თუ დეველოპერი ამ თემებზე ვერ გაძლევს მკაფიო პასუხს, ეს უკვე საყურადღებოა.
ბინის და კორპუსის დაგეგმარება
ახლა უკვე უშუალოდ ბინის მახასიათებლებია გასარკვევი, რადგან ხშირად პროექტში ყველაფერი ლამაზად არის წარმოდგენილი, თუმცა პრაქტიკაში ცხოვრება არაკომფორტულია. ამიტომ წინასწარ განსაზღვრეთ:
- გზის მხარე ჯობია თუ ეზოს მხარე
- რომელი სართულია უკეთესი (თბილისში ხმაურის და გამონაბოლქვის გათვალისწინებით, მე-5 სართულამდე ბინის ყიდვა არ არის მიზანშეწონილი, თუმცა არც მე-10 სართულს ზემოთ არის მთლად სახარბიელო, რადგან ლიფტები ხშირად ფუჭდება)
- როგორია ხედები
- როგორ არის დაგეგმარებული კიბეები, ლიფტები, დერეფნები
- არის თუ არა სივრცე ფუნქციური, ზედმეტი ფართი ხომ არ იკარგება?
- როგორია ბუნებრივი განათება
- აივანი / სათავსო
- სამზარეულოს მდებარეობა
- სველი წერტილების განლაგება
- ხმის იზოლაცია
- ფასადის მხარის შეზღუდვები
ხშირად კომპანიები დიდ ვერანდებს სთავაზობენ კლიენტებს, იმ მარკეტინგით, რომ აივანზე მწვანე ზონას მოაწყობთ, თუმცა პრაქტიკაში ხშირად ასე არ არის. აივანზე ზამთარში ცივა, ზაფხულში გაუსაძლისი სიცხეა, მუდმივად არის მტვერი და ხმაური. ამიტომ თუ კვადრატულში იგივე ფასს გახდევინებენ, ჯობია თანხა შიდა სივრცეში გადაიხადოთ.
რემონტი და სამშენებლო მასალების ხარისხი
გასარკვევია რა კონდიციაში ბარდება ბინა, რას გულისხმობს რეალურად მწვანე, თეთრი და შავი კარკასი? ზუსტად რა შედის ამ პირობაში, ან თავად შავიდან მწვანე კარკასამდე მიყვანა რა თანხა დაგიჯდებათ. დაითვალეთ რემონტის საშუალო ხარჯი. ასევე, გასარკვევია ჩაბარებიდან რა პერიოდი გეძლევათ რემონტის დასასრულებლად.
მოიკითხეთ რა მასალებით შენდება ნაგებობა, გათვალისწინებულია თუ არა ენერგოეფექტურობა და ჭკვიანი სისტემები (იხილეთ სტატია: ტექნოლოგიები, სტანდარტები და ტენდენციები მშენებლობაში: რას უნდა ველოდეთ 2026 წელს)
ბინის ფასი და დამატებითი ხარჯები
ცხადია, წინასწარ არკვევთ, საშუალოდ რა ღირს 1 მ² ამავე უბანში და რამდენად კონკურენტულია კომპანიის შეთავაზება? აძვირებს თუ არა კომპანიის ბრენდი ფასს?
თუ ქონება საინვესტიციოდ გინდათ, აუცილებლად მოიძიეთ გაქირავების და ფასის ზრდის პოტენციალი 3–5 წელიწადში, ასევე, უბნის განვითარების პოტენციალი.
ხშირად ადამიანები მზად არ არიან იმ ხარჯებისთვის, რაც ბინის და რემონტის საფასურის მიღმაა. მაგალითად გასარკვევია:
- დენის, გაზის, წყლის სისტემაზე მიერთების საფასური
- ექსპლუატაციის ხარჯები
- კომუნალური გადასახადები
- კორპუსის მენეჯმენტის საფასური
- პარკინგის ღირებულება
- ლიფტის და უსაფრთხოების სისტემის მომსახურება
- რეესტრში რეგისტრაციის ხარჯი
შეძენის პირობები
დაადგინეთ გადახდის გრაფიკი – საწყისი შენატანი, შუალედური გადახდები და საბოლოო ანგარიშსწორების ეტაპი. დეტალურად გამოიძიეთ ბინის შეძენის პირობები:
- რა არის მინიმალური პირველი შენატანი?
- არის თუ არა 0%-იანი შიდა განვადება?
- რამდენ ხანს გრძელდება შიდა განვადება?
- არსებობს თუ არა გადახდის გადავადების ჯარიმა?
- ფასი ფიქსირებულია თუ კურსზე მიბმული?
ხშირად გაყიდვების ოფისის წარმომადგენლები თქვენი შემოსავლის მიხედვით თანხის გადანაწილებაზე თანხმდებიან, ამიტომ გაარკვიეთ, არის თუ არა შესაძლებელი გადახდის გრაფიკის ინდივიდუალურად მორგება. იკითხეთ, ხომ არ მოქმედებს რაიმე ფასდაკლება.
ასევე, როცა საქმე უკვე ბანკს ეხება, იკითხეთ:
- რომელ ბანკთან თანამშრომლობს კომპანია,
- რა ეტაპზე იღებს ბანკი დაფინანსებას? (შავი კარკასი? ექსპლუატაციაში მიღება?)
- სჭირდება თუ არა დამატებითი უზრუნველყოფა?
- არსებობს თუ არა სპეციალური საბანკო პარტნიორული პირობები?
- პროცენტი ფიქსირებულია თუ ცვლადი?
დასვით კითხვა: გარდა ბინის ფასისა, რა დამატებითი ხარჯები უნდა გავითვალისწინო საერთო ბიუჯეტში?
გაითვალისწინეთ, სახიფათოა როდესაც:
– დეველოპერი არ გაჩვენებთ დოკუმენტებს
– პასუხები ბუნდოვანია
– არ არსებობს გეოლოგიური დასკვნა
– გეუბნებიან „ყველაფერი რიგზეა“, მაგრამ კონკრეტულ პასუხებს ვერ გცემენ.
საბოლოოდ, უძრავი ქონების შეძენა უნდა აღვიქვათ როგორც გრძელვადიანი ფინანსური გადაწყვეტილება, სადაც ემოციურ ფაქტორი გვერდზე უნდა გაწიოთ და რაციონალურად იფიქროთ. რაც უფრო დეტალურად ხდება რისკების, ხარჯებისა და პერსპექტივების შეფასება წინასწარ, მით უფრო პროგნოზირებადი და დაცულია ინვესტიცია მომავალში.
თუ გსურთ საქართველოში უძრავ ქონებაში ინვესტირება, „კედარო ჯგუფი“ მზად არის გაგიწიოთ კონსულტაცია:
- მოგვწერეთ: Email – Kedarogroup@gmail.com
- დაგვირეკეთ: +995 593618181
- ან გვესტუმრეთ: გ.ათონელის ქუჩა 18/22, 0105, თბილისი, საქართველო




