საქართველოში უძრავი ქონებისა და სასტუმროს სექტორი განვითარების ახალ ფაზაშია, რაც გლობალურად აღიარებული დეველოპერებისა და ბრენდების აქტიური შემოსვლით ხასიათდება. დიდ ქალაქებს ახალი ცათამბჯენები ემატება, იცვლება ურბანული სახე, საკურორტო ზონებში ვითარდება დასასვენებელი და გასართობი სივრცეები. ეს ტენდენციები მხოლოდ ვიზუალს არ მოიცავს, ის ასევე ცვლილებებს განაპირობებს ინვესტიციების შემოდინების, ტურიზმის, ბიზნესის და ზოგადად ცხოვრების წესის მიმართულებით.
ისეთი მსოფლიო ბრენდები, როგორიცაა Marriott, Hilton, Radisson Blu, Holiday Inn, Mercure, ibis, Wyndham, Best Western და სხვები არაერთი წელია საქართველოს სხვადასხვა ქალაქში წარმატებით საქმიანობენ. ბოლო პერიოდში კი გლობალური ბრენდების ახალი ნაკადი გამოჩნდა Emaar / Eagle Hills-ისა და Tonino Lamborghini-ის სახით.
მსხვილი საერთაშორისო სასტუმრო ქსელებისა და უძრავი ქონების დეველოპერების ქართულ რეალობაში გამოჩენამ ხარისხის, დიზაინისა და მომსახურების ახალი სტანდარტები დანერგა. ბრენდული სასტუმროები და მრავალფუნქციური კომპლექსები სულ უფრო მაღალ სტანდარტებს აწესებენ არქიტექტურის, ურბანული დაგეგმარების, კომფორტის თუ მომსახურების მიმართულებით. ახლა ყურადღების ცენტრში მხოლოდ გაყიდვები აღარ არის, არამედ აქცენტი კეთდება პროექტების ლანდშაფტზე მორგებაზე, გამწვანებასა და გამორჩეულ, ესთეტიკურ დიზაინზე. ამავდროულად, ცნობილი ბრენდების საქართველოში საქმიანობა სულ უფრო მეტი უცხოელი ინვესტორებისთვის არის დადებითი მანიშნებელი, რადგან გლობალური ბრენდები ბაზარზე შემთხვევით არ ჩნდებიან – ისინი არიან იქ, სადაც გრძნობენ გრძელვადიან სტაბილურობას, ზრდის პოტენციალს და მკაფიო ღირებულებს.
საქართველოში ცნობილი ბრენდების შემოსვლა უძრავი ქონების ბაზარზე აქტიურად 2000-იანი წლებიდან დაიწყო და დღესაც გრძელდება. ამ სტატიაში საუბარია იმ ცნობილ ბრენდებზე, რომლებიც საქართველოში წარმატებით საქმიანობენ და ბაზრის განვითარებაში წვილი შეაქვთ. მათი ჩამონათვალი სრული არ არის, რადგან ეს სფერო მუდმივად განახლებადი და განვითარებადია.
სასტუმროები
Marriott Group
Marriott Group-ს საქართველოში შთამბეჭდავი წარმომადგენლობა აქვს. Marriott International მართავს ისეთ პოპულარულ ბრენდებს, როგორიცაა Sheraton, Moxy, Courtyard. კონკრეტულად კი – ამ ბრენდს უკავშირდება სასტუმროები: Tbilisi Marriott Hotel თბილისში, Sheraton Grand Tbilisi Metechi Palace თბილისში, Moxy Tbilisi – თბილისში, Sheraton Batumi Hotel ბათუმში და Courtyard by Marriott თბილისსა და ბათუმში. ამავე ჯგუფის ქვეშ არის წარმოდგენილი Paragraph Resort & Spa Shekvetili, Autograph Collection და Le Meridien Batumi. ასევე, სიონის ტბის ნაპირზე ამჟამად კომპანია „ არქი“ აშენებს ელიტურ დასასვენებელ კომპლექსს Le Méridien Sioni Resort & Spa.
თბილისში, სასტუმრო The Paragraph Tbilisi Hotel ასევე Marriott International-ის “The Luxury Collection”-ის ნაწილია. Tbilisi Marriott, Courtyard by Marriott და Moxy Tbilisi Hotel დეველოპერული კომპანია GMT Group-ის მიერ შესრულებული პროექტებია.
Marriott Executive Apartments თანამშრომლობს VR HOLDING-თან, რომელიც ვაკეში ცათამბჯენ VR VAKE SKYVIEW-ს აშენებს. Marriott Executive Apartments-ის 5-ვარსკვლავიანი აპარტამენტები გრძელვადიან გაქირავებაზე იქნება გათვლილი.
Radisson Hotel Group
Radisson Hotel Group-ს ეკუთვნის Radisson Blu Iveria Hotel თბილისში, Radisson Blu Hotel ბათუმში, Tsinandali Estate, A Radisson Collection Hotel – წინანდალში, Radisson RED თბილისში. ამასთან, Radisson Blu Hotel წარმოდგენილი იქნება თბილისის Central Park Towers-ის სასტუმრო კომპლექსში, რომელიც მსოფლიო დონის წამყვან საერთაშორისო ბრენდებს გააერთიანებს.
Hilton
სრული მომსახურების სასტუმროებისა და კურორტების ამერიკული ბრენდი Hilto საქართველოში წარმოდგენილია ბათუმში, ასევე თბილისში – Hilton Garden Inn-ის სახით.
IHG – InterContinental Hotels Group
სასტუმროების ბრიტანული ჯგუფი IHG – InterContinental Hotels Group მართავს Holiday Inn-ს თბილისსა და თელავში, ასევე Crowne Plaza-ს ბორჯომში.
Accor Group
ფრანგული Accor Group-ის ქვეშ საქართველოში წარმოდგენილია არაერთი სასტუმრო, მათ შორის: Mercure Tbilisi Old Town, Mercure Tbilisi Philharmonic, ibis Styles Tbilisi Center, ibis Budget Tbilisi, Swissôtel Tbilisi, Mercure Tbilisi Old Town, Pullman Tbilisi Axis Towers და Novotel Tbilisi Center. ზოგი მათგანი უკვე ფუნქციონირებს, ზოგი პროექტი კი – განვითარების ფაზაშია.
Wyndham Hotels & Resorts
ამერიკული კომპანია Wyndham Hotels & Resorts ეკუთვნის ბათუმში Ramada Plaza by Wyndham Batumi. თბილისში კი – Wyndham Grand Tbilisi და Ramada by Wyndham Tbilisi Old City.
Best Western Hotels & Resorts
აღნიშნულ ბრენდს ეკუთვნის Best Western Kutaisi და Best Western Plus Batumi
Rixos
თურქეთის სასტუმროების ქსელის Rixos-ის სასტუმრო ლიკანში 2015 წელს გაიხსნა, თუმცა შემდგომ სასტუმრო ქართულმა მენეჯმენტმა გადაიბარა და აჟამად Borjomi Likani Health & Spa Centre სახელით ფუქნციონირებს.
საერთაშორისო დეველოპერები და უძრავი ქონების ინვესტორები
საქართველოში უძრავი ქონების მიმართულებით არაერთი საერთაშორისო დეველოპერული და საინვესტიციო კომპანიაა წარმოდგენილი და მათი რიცხვი სულ უფრო იზრდება.
Emaar Properties & Eagle Hills (UAE)
დუბაიში 30 წლის წინ დაფუძნებული უძრავი ქონების გიგანტი Emaar Properties საქართველოში ცოტა ხნის წინ Eagle Hills-თან ერთად შემოვიდა. პროექტები დაგეგმილია თბილისსა და გონიოში. Tbilisi Waterfront და Gonio Yachts & Marina 6.5 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტიციას გულისხმობს. პროექტით გათვალისწინებულია სასტუმროების, აპარტამენტების, მდიდრული ვილების, საზოგადოებრივი სივრცეების მოწყობა. „კედარო ჯგუფი“ Emaar/Eagle Hills-თან უკვე თანამშრომლობს.
Hualing Group (ჩინეთი)
ჩინური კერძო კონგლომერატი Hualing Group ერთ-ერთი პირველი მსხვილი უცხოური უძრავი ქონების ინვესტორია საქართველოში. მისი ცნობილი პროექტი განლაგებულია თბილისის ზღვასთან.
Tonino Lamborghini (იტალია)
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ქართულმა დეველოპერულმა კომპანია FK Development-მა თანამშრომლობა ოფიციალურად გააფორმა იტალიურ ბრენდ Tonino Lamborghini-ისთან. ბათუმის კუნძულზე დაგეგმილი ცათამბჯენის სახელწოდება კი იქნება Tonino Lamborghini Tower Batumi. მიმდინარე წლის ივნისში „კედარო ჯგუფმა“ და FK Development-მ ხელი მოაწერეს თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას, რომლის ფარგლებშიც „კედარო“ პროექტის გაყიდვებს შეუერთდა.
Mira Development
დუბაიში მოქმედი მსხვილი დეველოპერული კომპანია Mira Development თბილისში პრემიუმ პროექტით შემოდის. კომპანია საქართველოში, თბილისთან ახლოს პროექტის Mira Verde-ს განხორციელებას გეგმავს. პროექტით, ერთ ლოკაციაზე გათვალისწინებულია მდიდრული ვილების, სკოლის, უნივერსიტეტის, საფეხბურთო კლუბის განთავსება. „კედარო ჯგუფი“ Mira Development-თან უკვე აქტიურად თანამშრომლობს.
ქართული დეველოპერული კომპანიები აქტიურად თანამშრომლობენ საერთაშორისო ბრენდებთან, მაგალითად – Alliance Group Marriott International-თან და Wyndham Hotels & Resorts-თან, Silk Road Group კი პარტნიორობს Radisson-თან.
საქართველოში ცნობილი უძრავი ქონების დეველოპერებისა და სასტუმროების საერთაშორისო ქსელების შემოსვლა, არ არის მხოლოდ მაღალი დონის ერთჯერადი პროექტები, არამედ ეს ეხება მთლიანად ქვეყნის იმიჯს საერთაშორისო კუთხით. შერეული ტიპის მრავალფუნქციური კომპლექსები გეოგრაფიულად მიმზიდველ ადგილებს საინვესტიციო აქტივად გარდაქმნიან. ისინი ნერგავენ საერთაშორისო სტანდარტს მშენებლობის ხარისხის, კომფორტის და მომსახურების კუთხით. გლობალურ ბრენდებთან თანამშრომლობა დიდი პასუხისმგებლობაა ადგილობრივი კომპანიებისთვისაც.
თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ცნობილი ბრენდების ქვეყანაში მოზიდვა არ არის უმთავრესი მიზანი, არამედ საჭიროა მათი ადგილობრივ ეკოსისტემასთან ინტეგრირება და ბალანსი, სადაც სარგებელს ნახულობს როგორც ინვესტორი და დეველოპერი, ასევე ადგილობრივი მცირე, საშუალო ბიზნესი და საზოგადოება.




