სამშაბათი, ოქტომბერი 20, 2026
Patern 1

ინვესტიციები / ბაზრის ანალიზი

Patern 1
  • მთავარი ///
  • მსოფლიო ///
  • ევროპაში ბინის ქირა მნიშვნელოვნად გაძვირდა: რომელ ქვეყნებში გაიზარდა ფასი ყველაზე მეტად?

ევროპაში ბინის ქირა მნიშვნელოვნად გაძვირდა: რომელ ქვეყნებში გაიზარდა ფასი ყველაზე მეტად?

ევროკავშირის ქვეყნებში ბინის ქირის ფასები მნიშვნელოვნად გაიზარდა – ამის შესახებ Euronews წერს.
Share:

Euronews-ის თანახმად, ევროპის ბევრ ქვეყანაში საცხოვრებლის ქირის ზრდის ტემპი საერთო ინფლაციას აღემატება. მონაცემები ევროკავშირის სტატისტიკის სამსახურის, Eurostat-ის მიერ გამოქვეყნებულ უახლეს ანგარიშს ეყრდნობა.

ზოგადად, ევროკავშირში, 2026 წლის მეორე კვარტალში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საცხოვრებლის ქირა საშუალოდ 3%-ით გაიზარდა.

ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ვითარება სხვადასხვანაირია: მაგალითად ფინეთში ერთ წელიწადში ქირა არ გაძვირებულა, მაგრამ რუმინეთში 43.5%-ით, ხოლო ხორვატიაში 40.1%-ით გაიზარდა. ამავე პერიოდში რუმინეთში საერთო ინფლაციამ 9.5% შეადგინა, ხოლო ხორვატიაში 4.8%. ინფლაციის გათვალისწინებით, ორივე ქვეყანაში საცხოვრებლის ქირის რეალურმა ზრდამ 30%-ს გადააჭარბა.

განმარტება: ქირის რეალური ზრდა ინფლაციის გათვალისწინებით გამოითვლება და აჩვენებს, რამდენით გაძვირდა საცხოვრებლის ქირა ქვეყანაში ფასების საერთო ცვლილებასთან შედარებით. მაგალითად, თუ ქირა 10%-ით გაიზარდა, ხოლო საერთო ინფლაციამ 4% შეადგინა, ქირის რეალური ზრდა დაახლოებით 6%-ია.

Euronews-ის თანახმად, რუმინეთში საცხოვრებლის ქირის მკვეთრი ზრდა, მთავრობის განმარტებით ძირითადად სახელმწიფო და მუნიციპალური საკუთრების საცხოვრებელ ფართებზე ქირის გაზრდას უკავშირდება.

რაც შეეხება ხორვატიას, ქირის მკვეთრ ზრდას დედაქალაქ ზაგრების ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით ხსნიან, რომლის საფუძველზეც სოციალური საცხოვრებლის გარკვეული კატეგორიისთვის ქირის გადასახადი გაიზარდა.

ევროკავშირის ქვეყნებს შორის საცხოვრებლის ქირის გაძვირების მაჩვენებლით მესამე ადგილზე სლოვენიაა – აქ წლიურმა ზრდამ 10% შეადგინა.

სტატისტიკურ მონაცემებში საქართველოც არის წარმოდგენილი. Euronews-ის მიერ Eurostat-ის მონაცემებზე დაყრდნობით გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 2026 წლის მეორე კვარტალში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოში საცხოვრებლის ქირა 3.5%-ით გაძვირდა. ეს მაჩვენებელი ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელს (3%) მცირედით აღემატება და იტალიისა და შვედეთის მაჩვენებლებს უტოლდება.

ევროკავშირის წევრობის კანდიდატ და ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის (EFTA) წევრ სახელმწიფოებს შორის საცხოვრებლის ქირის გაძვირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი თურქეთში დაფიქსირდა. 2026 წლის მეორე კვარტალში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ქირა 49.6%-ით გაიზარდა.

თუმცა, რუმინეთისა და ხორვატიისგან განსხვავებით, თურქეთში ფასებს უეცრად არ მოუმატია, აქ საცხოვრებლის ქირა ეტაპობრივად ძვირდებოდა. ამასთან, ქვეყანაში ერთ წელიწადში საერთო ინფლაცია 30%-ს აღემატებოდა, რის გამოც ინფლაციის გათვალისწინებით ქირის რეალური ზრდა რუმინეთსა და ხორვატიაზე დაბალი იყო.

საცხოვრებლის ქირის ორნიშნა რიცხვით ზრდა დაფიქსირდა სერბეთშიც, სადაც ფასები 12.5%-ით გაიზარდა. ქირის გაძვირების მაჩვენებელმა 5%-ს გადააჭარბა ბულგარეთში (9.9%), ჩრდილოეთ მაკედონიაში (9.2%), ისლანდიაში (8.6%), საბერძნეთში (7.5%), ჩეხეთში (6.2%), ალბანეთში (6%), სლოვაკეთში (5.3%), ლიეტუვასა (5.3%) და პორტუგალიაში (5.2%).

იტალიაში ქირა 3.5%-ით გაძვირდა, ესპანეთში ზრდამ 2.5% შეადგინა, გერმანიაში 2.1%, ხოლო – საფრანგეთში 1.6%.

ამ ქვეყნებიდან ესპანეთში, გერმანიასა და საფრანგეთში, ასევე ბელგიაში, ესტონეთში, ფინეთსა და ლუქსემბურგში, საერთო ინფლაციის გათვალისწინებით, საცხოვრებლის ქირის რეალური ღირებულება არ გაზრდილა.

უძრავი ქონების საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია JLL-ის კვლევების დირექტორის, ემა როსერის შეფასებით, ევროპის ქალაქებში საცხოვრებელი ფართების დეფიციტი და მაღალი მოთხოვნა განსაკუთრებით ახალი საიჯარო ხელშეკრულებების გაძვირებას იწვევს. მისი თქმით, ახალ ხელშეკრულებებზე ფასების ზრდა უფრო მაღალია, ვიდრე ამას Eurostat-ის საერთო სტატისტიკა ასახავს.

ბუდაპეშტის Metropolitan Research Institute-ის მკვლევარი ნორა ტელერი ქირის გაძვირებას ეკონომიკურ, დემოგრაფიულ და მიწოდების ფაქტორებს უკავშირებს. მისი განმარტებით, 2022 წლიდან სესხების გაძვირებამ ბევრ ადამიანს ბინის შეძენაზე უარის თქმა და ქირით ცხოვრება აიძულა, რამაც ქირაზე მოთხოვნა გაზარდა. ამასთან, საცხოვრებელ უძრავ ქონებას შემოსავლის მიღების საშუალებად სულ უფრო მეტი საინვესტიციო ფონდი და კერძო ინვესტორი განიხილავს, რაც ქირის ფასების დამატებით ზრდას უწყობს ხელს.

წყარო: Euronews, Eurostat

ავტორი: ლიკა კასრაძე

თუ გსურთ საქართველოში უძრავ ქონებაში ინვესტირება, „კედარო ჯგუფი“ მზად არის გაგიწიოთ კონსულტაცია:
მოგვწერეთ: Email – Kedarogroup@gmail.com
დაგვირეკეთ: +995 593618181
ან გვესტუმრეთ: გ.ათონელის ქუჩა 18/22, 0105, თბილისი, საქართველო

შეაფასეთ სტატია:

მიმდინარე სტატიები

თეგები

ტეგები